დოქტორანტი ირაკლი ფიფია ერთ სემესტრს მესინის უნივერსიტეტში გაატარებს
თამარ დადიანი
თსუ-ის ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის ინსტიტუტის სადოქტორო პროგრამა ანთროპოლოგიის დოქტორანტი ირაკლი ფიფია ერთ სემესტრს მესინის (სიცილია, იტალია) უნივერსიტეტში გაატარებს.
მესინის უნივერსიტეტი დაარსებულია 1548 წელს პაპ პავლე III- ის მიერ და დღეს ის იტალიის ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტია. საუკუნეების განმავლობაში მესინის უნივერსიტეტი იყო ღირსეული მეცნიერებისა და ისტორიული ფიგურების მიზიდულობის ცენტრი, სადაც თსუ-ის გამორჩეული სტუდენტი ირაკლი ფიფია ისწავლის.
ის ახალგაზრდა მკვლევარია ეთნოგრაფიული კვლევის დიდი გამოცდილებით, საინტერესო ხედვებითა და ინოვაციური მიდგომებით. მესინაში იგი ერაზუს + მობილობის პროგრამის ფარგლებში იმყოფება, სადაც სადოქტორო ნაშრომზე იმუშავებს, წაიკითხავს ლექციებს, მიიღებს კონსულტაციებს და გააღრმავებს ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლობას მესინის უნივერსიტეტთან. პარალელურად, ირაკლი სიცილიის თანამედროვე ყოფის შესახებაც შეაგროვებს მასალებს, რომლებსაც მოხსენებებისა და პუბლიკაციების სახით შემოგვთავაზებს.
„მესინის უნივერსიტეტში ერასმუს + ის პროგრამით (K107) ჩამოვედი. ჩემი მიზანი სადოქტორო ნაშრომის — „სამოქალაქო და კულტურული იდენტობის ფორმირება პოსტსაბჭოთა საქართველოში (სოფელ წინანდლის მაგალითზე)“ — გაღრმავება და შედარებითი კვლევების წარმოება იყო. მესინაში არსებული კულტურული ქსოვილი ჩემს სადოქტორო კვლევასთან საინტერესო პარალელებს ავლებდა და ამდენად მაინტერესებდა თეორიების გადამოწმება და საკუთარი კვლევის ახლებური კუთხით დანახვა“, — აცხადებს ირაკლი, ვისმა მოლოდინმაც გაამართლა და უნივერსიტეტში რეალობა იმაზე უკეთესი დახვდა, ვიდრე წარმოედგინა: „იტალიური ენის არცოდნის მიუხედავად, გარემოსთან ადაპტირება არ გამჭირვებია. დიახ, ინგლისურის ცოდნის ხარისხი შედარებით დაბალია, თუმცა თსუ-ში ნასწავლი ლათინურით და ჩვენთან ნასწავლი ანთროპოლოგიური უნარ-ჩვევებით, რაც საკვლევ ველზე შესვლას გულისხმობს, შესაძლებელი გახდა საინტერესო მასალის მოპოვება და ახალი აღმოჩენების გაკეთებაც კი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მესინაში წამოსვლამდე არ ვგეგმავდი ახალი კვლევის გაკეთებას და ეს ერთ სემესტრში შეუძლებელიცაა, თუმცა სამომავლოდ საინტერესო კვლევების მონახაზები შეიქმნა. ეს კი ძალიან მახარებს…“ — აღნიშნავს ირაკლი, რომელიც იმ აქტივობების შესახებაც საუბრობს, რომელიც უნივერსიტეტში განახორციელა.
„მესინის უნივერსიტეტში, თვეზე ოდნავ მეტია, ვიმყოფები აქაური პროფესურის დახმარებითა და, რა თქმა უნდა, ჩემი სადოქტორო ნაშრომის ხელმძღვანელის, პროფესორ ქეთევან ხუციშვილის ხელშეწყობით, სადაც ჩემი საკონტაქტო წრე ანთროპოლოგიის დარგში საკმაოდ გაიზარდა და გამდიდრდა. აქ გავიცანი პროფესორები არა მხოლოდ მესინის უნივერსიტეტიდან, არამედ ყველა ის მკვლევარიც, ვინც ამ პერიოდისთვის სტუმრობდა უნივერსიტეტს სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში და ლექცია-სემინარებს კითხულობდა. ეს კიდევ უფრო მეხმარება გავიზარდო როგორც მეცნიერი და, ამასთანავე, გავეცნო იტალიაში თუ ევროპის სხვა ქვეყნებში მოღვაწე მეცნიერების საქმიანობას, მიმდინარე კვლევებს და ამ შესაძლებლობისთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიდი მადლიერი ვარ. დღეს, როცა მსგავსი შანსი გეძლევა, ეს აუცილებლად უნდა გამოიყენო და სწორად შეაფასო მოცემული შესაძლებლობებები“, — აცხადებს ირაკლი, რომელიც მესინის უნივერსიტეტში განხორციელებულ სხვა აქტივობებზეც საუბრობს.
„ამ ეტაპზე უკვე წავიკითხე მოხსენება ჩემი სამეცნიერო კვლევის („რა კრიტერიუმებით განისაზღვრება კულტურული მემკვიდრეობის ღირებულება მუზეუმში“) შესახებ მესინის უნივერსიტეტში, რამაც საკმაო დაინტერესება გამოიწვია, რაც კიდევ უფრო მახარებს… პარალელურად ვემზადები საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, სადაც 5 ქვეყნის მეცნიერები დარგში მიმდინარე საჭირბოროტო საკითხებს გავუზიარებთ ერთმანეთს.
დარჩენილი დროის მანძილზე, მინდა, რეგიონში არსებული უნივერსიტეტების საზაფხულო პროგრამებში მივიღო მონაწილეობა, აქაურ კულტურულ ცხოვრებას გავეცნო და თავისუფალ დროს სიცილიის მცხუნვარე მზით დავტკბე… ანთროპოლოგიური კუთხით სიცილია მეტად მნიშვნელოვანი და საინტერესოა. იმედი მაქვს, რომ თსუ-სა და მესინის უნივერსიტეტის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაფართოვდება და ნაყოფიერი გახდება. ამით კი ჩემს შემდეგ თაობას შესაძლებლობა ექნება საინტერესო კვლევები და აღმოჩენები გააკეთოს ამ უნიკალური რეგიონისა და კულტურის შესახებ“, — აღნიშნავს ირაკლი, რომელიც კიდევ ერთხელ რწუნდება თავის სწორ არჩევანში — ანთროპოლოგიის მიმართულებით ცოდნის გაღმავება და დოქტორანტურაში ამ პროგრამაზე ჩაბარება. როგორც თვითონ ამბობს, ძალიან გაუმართლა, რომ თსუ-ის ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი პროფესორი ქეთევან ხუციშვილია:.“ის აღმოჩნდა პიროვნება, რომელიც მეც და სხვა სტუდენტებსაც შესაძლებლობას გვაძლევს მისი კონტაქტები და სანაცნობო წრე საჩვენოდ გამოვიყენოთ და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში სწავლების ფორმებს, მეთოდებსა თუ მიმდინარე საკვლევ თემებს გავეცნოთ. მისი ძალისხმევით, მოახერხა სწორედ პანდემიის ფონზე ანთროპოლოგიის სასწავლო პროგრამამ ასეთი გააქტიურება, რაც გულწრფელ აღფრთოვანებას იწვევს“, — აცხადებს ირაკლი, რომელიც თსუ ანტროპოლოგიის პროგრამის დოქტორანტობის გარდა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორია.