თსუ დოქტორანტის სანდრო ტაბატაძის სტატია ორიენტირებულია გაამდიდროს აკადემიური დისკუსია საქართველოს ევროპეიზაციის შესახებ
მაია ტორაძე
2022 წლის გაზაფხულზე ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან აფილირებულ Scopus-ში ინდექსირებულ სამეცნიერო ჟურნალში: Demokratizatsiya: The Journal of Post-Soviet Democratization გამოქვეყნდა თსუ-ის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების დოქტორანტის სანდრო ტაბატაძის სამეცნიერო სტატია „პარტიული ევროსკეპტიციზმი თანამედროვე საქართველოში” (დაინტერესებულ პირებს researchgate-ზე მოთხოვნით შეუძლიათ მიიღონ სრული ვერსია სტატია ფოკუსირებულია თანამედროვე ქართული პოლიტიკური პარტიების ევროპული ინტეგრაციისა და ევროპეიზაციის დამოკიდებულებების შესწავლაზე. ნაშრომში პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო პროგრამებისა და მათი პოლიტიკური საბჭოების წევრების გამოკითხვის შედეგად, რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდების კომბინირებით, ჩამოყალიბებულია ქართული პარტიული ევროსკეპტიციზმის არსებითი მახასიათებლები. ამ თვალსაზრისით, ძირითად ამხსნელ მიდგომებად განსაზღვრულია პარტიული ტაქტიკა ან პარტიის ღირებულებითი ორიენტაცია. კვლევის შედეგების მიხედვით, პარტიის ოპოზიციაში ყოფნა იმთავითვე არ განაპირობებს ევროსკეპტიკურ დამოკიდებულებებს. ამის პარალელურად, ქარული პარტიები, რომლებიც ნაკლებად ლიბერტარიანულად მიიჩნევენ თავს, უფრო კრიტიკულად აფასებენ ევროპეიზაციის პროცესს.
სამეცნიერო სტატიის ერთ-ერთი მიგნებაა ისიც, რომ ევროპული ინტეგრაციის პარტიულ მხარდაჭერას უფრო მეტად ეკონომიკური ფაქტორები განაპირობებს, ხოლო რბილად ევროსკეპტიკური პარტიები უმეტესად კულტურულ ევროპეიზაციას უფრთხიან.
საინტერესო მიგნებაა ისიც, რომ ყველა გამოკითხული პოლიტიკური პარტიის გადაწყვეტილების მიმღები პირები უფრო მეტად ევროსკეპტიკურად მიიჩნევენ თავიანთ ამომრჩევლებს, ვიდრე თავიანთი პარტიის ხელმძღვანელობას. ნაშრომში შემოთავაზებული კითხვარი შესაძლებელია ევროკავშირის სხვა ასოცირებული ან კანდიდატი ქვეყნების პარტიული ევროსკეპტიციზმის შესწავლისთვის იყოს გამოყენებული. ასევე, სტატია ორიენტირებულია გაამდიდროს და გაზარდოს აკადემიური დისკუსია საქართველოს ევროპეიზაციის შესახებ.