თსუ-ის სტუდენტი გიორგი ბოკერია დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამეფო კარდიოქირურგთა საზოგადოებამ ბორდის ნამდვილ სტუდენტ წევრად შეარჩია
თამარ დადიანი
თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის მე-5 კურსის სტუდენტი გიორგი ბოკერია დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამეფო კარდიოქირურგთა საზოგადოებამ ბორდის ნამდვილ სტუდენტ წევრად შეარჩია 5 წლის ვადით. შერჩევა მოხდა რეზიუმის (საერთაშორისო აქტივობებისა და მიღწევების), სამოტივაციო წერილისა და გასაუბრების საფუძველზე.
„ამ ყველაფერში დიდი როლი ითამაშა ცნობილი ბრიტანელი პედიატრიული კარდიოქირურგის, პროფესორ მარტინ ელიოტის სარეკომენდაციო წერილმა. ჩემთვის ორმაგად საამაყოა, რომ პირველი ქართველი ვარ, ვისაც ეს პატივი ერგო… 70-მდე შერჩეული წევრიდან უმეტესობა არის ისეთი უნივერსიტეტებიდან, როგორებიცაა: ოქსფორდის, ნოტინგემის, მანჩესტერის, კემბრიჯის უნივერსიტეტები. ამაყი ვარ, რომ მათ შორის ჩემი — თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტეტიც არის. ამ საზოგადოებაში აქტივობა დისტანციურად მაძლევს საშუალებას თავი გავაცნო იქაურ სამედიცინო საზოგადოებას, ჩემი ცოდნით და აქტივობით წარმატებებს მივაღწიო, რათა მომავალში იქ განათლების მიღება და პროფესიული საქმიანობის გაგრძელება შევძლო“, — აღნიშნავს გიორგი ბოკერია, რომელიც თვლის, რომ ექიმობა უდიდესი პასუხისმგებლობაა და, როგორც თვითონ ამბობს, სირთულეების ქარცეცხლში ფოლადივით გაწრთობს!
კიდევ ერთი აღიარება და წარმატება გიორგიმ, ახლახანს, ლატვიაში გამართულ სტუდენტურ საერთაშორისო კონფერენციაში მოიპოვა, რომელიც ქალაქ რიგის სტრადინის უნივერსიტეტის (Riga Stradins University) ორგანიზებით გაიმართა, სადაც გიორგიმ სამეცნიერო აბსტრაქტი გააგზავნა კარდიოქირურგიის დარგიდან თემით: „აორტის სარქვლის რეკონსტრუქცია გლუტარალდეჰიდით დამუშავებული აუოლოგიური პერიკარდიუმი, ოზაკის პროცედურა“. თემის სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო პროფესორი, კარდიოქირურგი ზვიად ბახუტაშვილი (ჩაფიძის გულის ცენტრის ქირურგიული მიმართულების ხელმძღვანელი).
„აღნიშნული ტიპის ოპერაცია ბატონმა ზვიადმა, პირველად, 2015 წელს დანერგა საქართველოში. მან იაპონიაში, სამსახურეობრივი მივლინების დროს, პერსონალურად შეისწავლა ეს ოპერაცია თვით ამ ტექნიკის ავტორისგან, პროფესორ შიგეიუკი ოზაკისაგან და დღემდე აქტიურად აკეთებს მას საქართველოში. მისი დიდი დახმარებითა და თანადგომით, ამ ოპერაციის ტექნიკური მხარე და სტატისტიკური მონაცემები შევისწავლე და ნაშრომი კონფერენციაზე გავაგზავნე. პასუხი დადებითი მოვიდა, ამით კი უფლემა მომეცა — ჩემი კვლევა მასშტაბურ კონფერენციაზე საქართველოს, თსუ-სა და ჩაფიძის კლინიკის სახელით წარმედგინა. ჩემმა მოხსენებამ კონფერენციის სამეცნიერო საბჭოსა და ჟიურის დიდი ინტერესი გამოიწვია და საკონფერენციო ჟურნალშიც დაიბეჭდა. ბევრ მათგანს არც კი ჰქონდა გაგონილი აღნიშნული პროცედურის შესახებ… ამ წარმატების და შესაძლებლობის გამო კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ზვიად ბახუტაშვილს, რომელიც ჩემი „ინსპირაცია“ იყო ამ დარგით დაინტერესებაში“, — აცხადებს გიორგი ბოკერია, ვისთვისაც იმას კი არ აქვს მნიშვნელობა — სად სწავლობ, არამედ იმას — თუ რა მიზანი გაქვს და რას აკეთებ მის მისაღწევად.
სამომავლოდ, გიორგის გეგმები სრულიად დაკავშირებულია დიდ ბრიტანეთთან და იქ დოქტორანტურის და რეზიდენტურის წარმატებით დამთავრებასთან. რეზიუმე და სამოტივაციო წერილი უკვე გაგზავნილი აქვს ბირმინგემის, უესტმინსტერის და ოქსფორდის უნივერსიტეტებში. „ქალაქი ბირმინგემი ჩემი ფავორიტია, იქ არსებული უნივერსიტეტის სტუდენტური კარდიო-ვასკულარული საზოგადოების წევრი და აქტიური ტუტორი ვარ (კარდიოფარმაკოლოგიასა და ეკგ-ინტერპრეტაციაში). ამ მიზნებისთვის, უკვე წლებია, ვიბრძვი. ამ ეტაპზე აკადემიური და სალიტერატურო-სახელოვნებო ინგლისურის შესწავლას ვაგრძელებ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თბილისში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მენტორი მყავს — თსუ პროფესორი, ანგლისტი, ჟურნალისტი და დიპლომატი ნუგზარ რუხაძე, რომელიც არაერთი თაობის აღმზრდელი ყოფილა. მისი სიტყვებია: „არ აქვს მნიშვნველობა დარგს — სად მსახურობთ. თუ ენას სწავლობთ და ამ ენაზე მოსაუბრე ქვეყანაში მიდიხართ, თქვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რას როგორ იტყვით, როგორი ფონეტიკით, დიქციითა და დამაჯერებლობით, რათა გავლენა მოახდინოთ საზოგადოებაზე და მიაღწიოთ წარმატებას“, — აღნიშნავს გიორგი, რომელიც ბრიტანული განათლების და ხარისხის მიღების შემდეგ სამშობლოში დაბრუნებას ფიქრობს: „მინდა და ვეცდები, რომ საქართველოში ჯანდაცვის მომსახურეობა ყველასათვის ხელმისაწვდომი და ხარისხიანი იყოს. პარალელურად კი მინდა — ვემსახურო ჩემს ხალხს და მათი სიყვარული დავიმსახურო“, — აცხადებს გიორგი, რომელიც დიდ მადლიერებას გამოხატავს თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მორფოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელის, პროფესორ დიანა ძიძიგურის მიმართ, რომელმაც, როგორც თვითონ ამბობს, მასში დიდი პიროვნული და პროფესიული გარდატეხა მოახდინა: „ქალბატონი დიანა ჩემთვის არის მაგალითი იმისა, რომ ღმერთის ძალა და მეცნიერება ცალ-ცალკე არ დგას, რომ უზენაესის ნების გარეშე ცოცხალ ორგანიზმში არაფერი ხდება!“
თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტის გიორგი ბოკერიას აზრით: „ექიმი არ ფასობს, თუ იგი ფუნდამენტურ მეცნიერებებს არ ფლობს. ბევრს ვსწავლობ იმისთვის, რომ სწორად ჩამოვყალიბდე და ჩემს პასუხისმგებლობას ზერელედ არ შევხედო! მინდა, ჩემს თანატოლებს ვუთხრა, რომ ბევრი იშრომონ, მიზნები დაისახონ და ბოლომდე იბრძოლონ… საქართველოში უკვე ბევრ დარგშია შესაძლებელი დასავლური განათლების მიღება, თუმცა წასვლის მსურველებს აუცილებლად უნდა შევუქმნათ ისეთი პირობები, რომ ამ ქვეყანაში დაბრუნება მათთვის მისაღები იყოს“, — აცხადებს გიორგი, რომელსაც უდიდესი მოტივაცია აქვს სიკვდილის წინააღმდეგ ბრძოლაში.