,,საბავშვო უნივერსიტეტის“ მიერ ორგანიზებული ევროპიის დღეებისადმი მიძღვნილი ლექციები
თამარ დადიანი
„თსუ საბავშვო უნივერსიტეტის“ მიერ ორგანიზებულ ევროპიის დღეებისადმი მიძღვნილ დისტანციურ საუბრებში მონაწილეებმა საინტერესო ლექციები მოისმინეს ევროპული პოლიტიკისა და ურთიერთობების შესახებ.
პროფესორმა თემურ პაპასკირმა ისაუბრა ევროპაში მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, ისტორიულ ინტეგრაციულ პროცესებზე და მათთან დაკავშირებულ საკითხებზე.
თსუ-ის სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის უფროსმა, დოქტორანტმა გიორგი გრიგოლაშვილმა თანამედროვე ევროპის მდიდარ საზოგადოებრივ და სოციალურ-პოლიტიკური გამოცდილების აქტუალურ ასპექტებზე გაამახვილა ყურადღება.
საერთაშორისო სამართალსა და ომის დანაშაულზე საინტერესო მიმოხილვით წარსდგა განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის პრეზიდენტი, დოქტორანტი ნიკა მელქაძე.
უფროსკლასელებისათვის აღნიშნული საკითხები მეტ-ნაკლებად ცნობილია სასკოლო სამოქალაქო განათლების კურსიდან. მაგრამ მათთვის მაინც ბევრი საინტერესო დეტალი გახდა ცნობილი ევროპის ქვეყნების თანამშრომლობის, ერთიანი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული სივრცის შექმნის პროცესის შესახებ, რაც დღეს უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ეს განსაკუთრებით იმ ქვეყნებზე ითქმის, სადაც სოციალური განზომილება ყველაზე მაღალ რეგისტრშია აყვანილი და სადღეისოდ ამ სფეროს განვითარება/განახლებისა და აღორძინების ცნებებთან ასოცირდება. საუბარია ევროკავშირის ქვეყნებზე, რომელთათვისაც სოციალური სფერო ძალზე პრიორიტეტულია მათი სახელმწიფოებრივი მიდგომიდან და სოციალურ თანასწორობაზე აგებული კეთილდღეობის მოდელებიდან გამომდინარე.
უფროსკლასელი მოსწავლეები ინტერესით ისმენდნენ ინფორმაციას თანამედროვე საერთაშორისო სამართალის — იურიდიული პრინციპების და ნორმების სისტემის შესახებ, რომელიც არეგულირებს სახელმწიფოების ურთიერთობებს, აწესებს მათ ორმხრივ უფლებებს და მოვალეობებს. საუბარი შეეხო თანამედროვე საერთაშორისო სამართალის საყოველთაოდ აღიარებულ ძირითად პრინციპებს, ომის დანაშაულებს და იმ ქმედებებს, რომელიც ჩადენილია შეიარაღებული კონფლიქტის დროს და არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ ნორმებს.
„ამ ლექციების მიზანი და მნიშვნელობა არის ის, რომ მოზარდებს მივაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია ევროპაზე, ევროპის გაერთიანების მნიშვნელობაზე, ევროპის, როგორც პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური პროგრესის მოდელსა და თანამედროვე ცივილიზაციის ფლაგმანზე. ამ თემებზე საუბარი საჭიროა ბავშვებთან, მოზარდებთან და მოზრდილებთანაც (ცხადია, მსმენელის ასაკის და მენტალური შესაძლებლობების გათვალისწინებით, რასაც ჩვენი პროფესორები და დოქტორანტები ყოველთვის ითვალისწინებენ).
„უფროსკლასელებმა უნდა იცოდნენ რას წარმოადგენს ევროპა, ევროკავშირი და, საერთოდ, ერთიანი ევროპის იდეა თავისი იდეოლოგიით, პოლიტიკითა და სოციოლოგიით. ამ თემებზე ჩვენ ადრეც ვისაუბრეთ ადამიანის უფლებების დაცვის დღისადმის მიძღვნილ კონფერენციაზე და ვფიქრობ, რომ ასეთი საუბრები დღეს მნიშვნელოვანია განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ან (უფრო მართებული იქნება — თუ ვიტყვით) ბარბაროსობისა და ევროპული ღირებულებების ომის, ხოლო საქართველოსათვის რუსეთთან ჰიბრიდული ომის ფონზე… ამიტომ ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიც არის დემოკრატიის პრინციპები, საერთაშორისო სამართალი და ევროპული ღირებულებები. შეხვედრის დროს საინტერესო აქცენტები გაკეთდა ამ მიმართულებით. მოზარდებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს განხილული საკითხების მიმართ“, — განაცხადა თსუ-ის „საბავშვო უნივერსიტეტის“ ხელმძღვანელმა მარინე ლომოურმა.