თსუ კინო-ტელე ფორუმი – ახალი მუდმივი პლატფორმა დამწყები რეჟისორებისთვის
მაია ტორაძე
23-24 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველი სტუდენტური კინო-ტელე ფორუმი – „ვიზუალური აზროვნების კულტურის განვითარება“ –გაიმართა.
ფორუმი ჩატარდა თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მულტიმედია ცენტრისა და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით. მასში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნამუშევრებთან ერთად, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების ნამუშევრებიც იყო წარმოდგენილი.
ფორუმი გახსნა პროექტის ხელმძღვანელმა, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მულტიმედია ცენრტის დირექტორმა მარინა სალუქვაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ დღეს ქვეყანაში არ არსებობს პლატფორმა, სადაც სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა — არასაკონკურსო ფორმატში წარადგინონ თავიანთი ნამუშევრები, გაეცნონ თაობის ხედვებს, მოუსმინონ მაყურებელს, შეხვდნენ დარგის თვალსაჩინო წარმომადგენლებს თავისუფალ ფორმატში, დაამყარონ პირდაპირი კომუნიკაცია, იპოვონ სავარაუდო პარტნიორები და დაგეგმონ თანამშრომლობის პერსპექტივები. ამ ფორუმის მიზანი კი სწორედ ესაა: „ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას სტუდენტებს, რომ ჰქონდეთ ურთიერთობა და პირდაპირი შეხება იმ ადამიანებთან, ვინც წარმატებულია თავის სფეროში, იქნება ეს პროდიუსინგი, სასცენარო ხელოვნება, დოკუმენტური ფილმის გადაღება თუ სხვა… რაც მთავარია, ახალგაზრდებს ვუქმნით ერთმანეთის გაცნობის და ერთობლივი პროექტების შექმნის პერსპექტივას“, – აღნიშნა მარინა სალუქვაძემ. მანვე გამოთქვა სურვილი, რომ ფორუმს მიეცეს რეგულარული და ფართო ხასიათი, რაც ხელს შეუწყობს პლატფორმის შექმნას, რომლის მეშვეობითაც სტუდენტებს საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაციის საშუალება მიეცემათ.
ფორუმის მონაწილეებს მიესალმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, რომელმაც პროექტში ოთხი რეგიონული უნივერსიტეტის სტუდენტების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ეს არის ძალიან საინტერესო პლატფორმა სტუდენტებისთვის, ახალგაზრდებისთვის; ისინი შეხვდებიან დარგის გამორჩეულ მოღვაწეებს, ექნებათ მასტერკლასები და ორდღიან ინტენსიურ რეჟიმში იმუშავებენ, ჩვენ ერთობლივად ვნახავთ სტუდენტების ნამუშევრებს და შევაფასებთ მათ“, — აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის კინოხელოვნების პოპულარიზაციის დეპარტამენტის უფროსმა მანანა სურაძემ იმედი გამოთქვა, რომ სტუდენტური კინო-ტელე ფორუმი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტრადიციად იქცევა და მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება. „ეროვნული კინოცენტრი, წლებია, საგანმანათლებლო პროექტებს აფინანსებს და ეს მიმართულება პრიორიტეტებში აქვს განსაზღვრული. დღევანდელი ფორუმი თსუ-სთან, მით უფრო, ჟურნალისტიკის მიმართულებასთან ამ ფორმატით თანამშრომლობის პირველი პრეცედენტია. ამას ორი ძირითადი მიზეზი აქვს – დოკუმენტურ კინოსა და ჟურნალისტიკას შორის ზღვარი თითქოს მოიშალა – ორივე მიმართულებისთვის მნიშვნელოვანია გამოსახულება და ამბის ვიზუალური თხრობა. ამ ფორუმზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ, თსუ-ს გარდა, მონაწილეობენ რეგიონების უნვერსიტეტები. ვიმედოვნებ, მომავალში ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გამყარდება“, — განაცხადა მანანა სურაძემ.
თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა თამარ დოლბაიამ მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ სტუდენტების შემოქმედების პოპულარიზაციას ფაკულტეტი მუდმივად უჭერს მხარს. თანამედროვე ვიზუალური აზროვნების ეპოქაში კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათ მიერ კინო-ტელე პროდუქციის შექმნისთვის გადადგმული პირველი ნაბიჯები, რომლის სტიმულირებაშიც ფორუმი დიდ წვლილს შეიტანს. მანვე განსაკუთრებით გამოკვეთა ფორუმში რეგიონული უნივერსიტეტების ჩართულობის მნიშვნელობა.
ფორუმის მონაწილეებს მიესალმა და წარმატებები უსურვა ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ხელმძღვანელმა მანანა შამილიშვილმა.
ფორუმი გაიხსნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებთა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტთა მიერ გადაღებული 9 ფილმის ჩვენებით. ფილმები წარადგინა ფორუმის პროგრამულმა დირექტორმა, საქართველოს კინოაკადემიის წევრმა, კინოპროდიუსერმა და თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეულმა ლექტორმა ნათია რაჭველიშვილმა, რომლის უშუალო ხელმძღვანელობით შექმნილმა სტუდენტურმა ფილმებმა არაერთი კონკურსის პრიზები მოიპოვეს. „მნიშვნელოვანია, რომ დღეს პირველი ნაბიჯები იდგმება ჩვენი სტუდენტების შემოქმედებით ცხოვრებაში, მათთვის იხსნება ახალი პლატფორმა, სადაც ისინი აუდიტორიის, პროფესიონალების, კოლეგების წინაშე წარადგენენ საკუთარ ნაშრომებს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ვაჩვენოთ სტუდენტებს, თუ რას აკეთებენ რეგიონული უნივერსიტეტები. მათთვის საინტერესო იქნება გამოცდილების გაზიარება. ჩვენი გეგმები არის ძალიან დიდი და დარწმუნებულები ვართ, რომ მათ განხორციელებას შევძლებთ“, — აღნიშნა ნათია რაჭველიშვილმა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ფორუმზე წარდგენილი იყო ექსპერიმენტული ჟანრის ფილმები: „ტკივილის იმპულსი“ – კოკა ქარდავა, ანი ბართია (თსუ); „თავისუფალი სუნთქვა“ – სოფო კედელაშვილი, ქეთი მოსიავა (თსუ); „რიტურნელი“ – სალომე კვირიკაშვილი (თსუ); „თავსუფლების ჩარჩო“ – ერეკლე ფოლადიშვილი (თსუ); „ლიდა“ – სალომე შატბერაშვილი (თსუ); „როცა მარკერი მთავრდება“ – მერცი რთველაძე (თსუ); „სიჩუმე, რეპეტიცია“ – მაკო დვალიშვილი (თსუ); „ქართან ბრძოლა“ – ანი ბართია, კოკა ქარდავა (თსუ)’ „ცხოვრება კადრებად“ – რატი სარდანაძე (თსუ).
რეგიონულმა უნივერსიტეტებმა წარმოადგინეს როგორც დოკუმენტური, ასევე, მხატვრულ-დოკუმენტური და მხატვრული ფილმები: „დედამიწის სიყვითლე შემოდგომის ბრალია“ – ნანა ხოფერია (დოკუმენტური; ბათუმი); „ალეატორია“ – მირიან ორაგველიძე (მხატვრულ-დოკუმენტური; ბათუმი); „ნიშანი“ – ნიკოლოზ ვერძაძე (მხატვრული ფილმი; ბათუმი); „ცოტა ხნით უნდა გადავდოთ სუფრა“ – ეკა კვიცარიძე, ოთარ მჟავანაძე, ლაშა აფრიდონიძე (მხატვრულ-დოკუმენტური; ქუთაისი); „რაკურსები“ – ეკა კვიცარიძე, ოთარ მჟავანაძე, მარიამ გოცირიძე, გიორგი კიკვაძე (ქუთაისი); „გი ყანჩელის ხსოვნას“ – გიორგი ჯანგავაძე, ლაშა აფრიდონიძე, დავით კოხოძე, ნინი ბესელია (ქუთაისი); „ჩვენ გვინდა მშვიდობა“ – ანი რაზმაძე, თეიმურაზ კოპაძე, ხატია ხაბაშვილი (დოკუმენტური; გორი).
ფორუმის მეორე დღეს სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ და პრაქტიკული რჩევები მიეღოთ ისეთი პროფესიონალებისგან, როგორებიც არიან: კოტე ჯანდიერი (მწერალი, სცენარისტი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელე–ფილმების სტუდიის დირექტორი, მრავალი ლიტერატურული პრემიის მფლობელი); თამთა გაბრიჩიძე (რეჟისორი, პროდიუსერი. მის ფილმებს მოპოვებული აქვს არაერთი საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი პრიზი სანდენსის ფესტივალზე. მისი ფილმი „სოვდაგარი“ არის პირველი ქართული დოკუმენტური კინო, რომლის მსოფლიო დისტრიბუციის უფლება კომპანია ნეთფლიქსმა შეიძინა) და სანდრო გაბილაია (აღმასრულებელი პროდიუსერი, რეჟისორი. Metro Production-ის დამფუძნებელი, JWT Metro-ს აღმასრულებელი პროდიუსერი, Cannes Lions Azerbaijan-ის ჟიურის წევრი. მრავალ საერთაშორისო ფესტივალში გამარჯვებული ფილმებისა და სარეკლამო რგოლების აღმასრულებელი პროდიუსერი).
მოწვეულ სტუმრებთან შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.
„ამ შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა სამ რამეს: 1) დოკუმენტურ კინოსა და მხატვრულ კინოს შორის ზღვარი არ არსებობს; 2) მხატვრული ამოცანა ისევე უდგას დოკუმენტალისტს, როგორც მხატვრული კინოს რეჟისორს. დოკუმენტურ კინოში, განსხვავებით ტელესიუჟეტისა და ტელერეპორტაჟისაგან, მნიშვნელოვანია დრამატურგია და 3) – დრამატურგია არ იქნება, თუ რამე ან ვინმე არ გადააქციე პერსონაჟად. ახალგაზრდებს აინტერესებდათ – რამდენად სწორია წინასწარი ინდოქტრინაცია – რამდენად უნდა მოახვიოს ადამიანს თავზე სხვამ თავისი შეხედულებები. ვთქვით, რომ ზოგჯერ საჭიროა პროვოკაცია, რომ ადამიანმა დაიწყოს გარკვეულ საკითხებზე ფიქრი. ხოლო სადამდე მიიყვანს მას ეს ფიქრი, ვერავინ განსაზღვრავს, მთავარია იფიქროს. დოკუმენტური კინო კი ამის შესაძლებლობას იძლევა“, – აღნიშნა კოტე ჯანდიერმა.
თამთა გაბრიჩიძემ ისაუბრა იმ გამოცდილებაზე, რომელიც ფილმ „სოვდაგარის“ გადაღებისას დააგროვა. „ის ინფორმაცია, რაც მაქვს, ეს იქნება ფესტივალებთან ურთიერთობა, ფილმის წარმოების პრაქტიკული საკითხები, პოსტპროდუქციის საკითხები თუ სხვა რამ, შეიძლება რამდენიმე მათგანს გამოადგეს და ეს კარგია. მთავარია დრამატურგიის ცოდნა – როგორ იწყება ამბავი, რისი თქმა გსურს, ვინ არის გმირი, ვისთან ერთად უნდა განავითარო ისტორია… ეს რომ იცი ადამიანმა, მერე უკვე მთავარია ჟინი და სურვილი, რომ, რასაც ხედავ და გრძნობ, ის გაუზიარო სხვებს. ფორუმზე ნაჩვენები იყო პატარა ჩანახატი ჩემზე. მე დავთანხმდი სტუდენტების შემოთავაზებას და მადლობა ამ შესაძლებლობისთვის ნათია რაჭველიშვილს, რადგანაც მისმა სტუდენტმა რატი სარდანაძემ და ოპერატორმა თორნიკე ჩხეტიანმა არნახულად ლამაზი ჩანახატი გადაიღეს. რომ მეკითხებიან, რა სჭირდება დოკუმენტალისტსო, სწორედ ამაზე მივუთითებ ხოლმე – გულის, სულის და ეთუზიაზმის ჩადება საქმეში, რაც ამ ახალგაზრდებმა შეძლეს“, – თქვა თამთა გაბრიჩიძემ.
სტუდენტების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია სანდრო გაბილაიას საუბრებმა. მან აუდიტორიის თვალწინ პროდიუსინგის „პატარ-პატარა საიდუმლოებებს“ ახადა ფარდა და თქვა, რომ ძალიან მალე საქართველო ბევრი უცხოური კომპანიისთვის გახდება საინტერესო ადგილი, რადგან აქ ვიდეოწარმოება სწრაფი ტემპით ვითარდება: „საქართველოში ვიდეოწარმოება ერთ-ერთი განვითარებული სფერო აღმოჩნდა. აქედან გამომდინარე, გვინდა, რომ ახალგაზრებს, იმ ადამიანებს, ვისაც ეს სფერო აინტერესებს, მივცეთ საშუალება – მეტი გაიგონ მასზე, შეიგრძნონ, მოეწონოთ, შეუყვარდეთ და თავისი ენერგიაც ჩადონ ამ საქმეში. საქართველო შეიძლება სულ მალე გახდეს ევროპისა და აზიის ვიდეოწარმოების ჰაბი. ამის თაობაზე უკვე საუბრობენ დიდ კომპანიებში და ჩვენც არაერთი შეხვედრა გვაქვს მათთან. ამიტომ, გვინდა, ბევრმა გაიგოს ამ შესაძლებლობების თაობაზე და გაჩნდეს მუშაობის ინტერესი – საქმის პრაქტიკაში სწავლა აჩქარებს პიროვნულ განვითარებას, რადგან სულ პროცესში ხარ. დღეს უკვე ტექნიკით ვეღარავის გააკვირვებ, ტელეფონითაც კი შეიძლება გააკეთო ის, რასაც ადრე უამრავი აპარატურა სჭირდებოდა, ამიტომ ზღვარი აღარ არსებობს – როგორც ამერიკელს შეუძლია კარგი ფილმის გადაღება, ისე შემიძლია მეც, ოღონდ საჭიროა სითამამე, გაბედულება და შრომა“, – აღნიშნა სანდრო გაბილაიამ.
პროფესორმა მანანა შამილიშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ფორუმი ძალიან კარგი შანსი იყო სტუდენტებისთვის როგორც საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაციის, ასევე ახალი ცოდნის შეძენის თვალსაზრისით: „ვფიქრობ, რომ ეს ორი დღე იყო გამორჩეული ჩვენი სტუდენტებისა და ფაკულტეტის ცხოვრებაში. გვესტუმრა სამი უდიდესი პროფესიონალი, რომლებმაც სტუდენტებს გამოცდილება გაუზიარეს. აქვე ვიხილეთ ნიჭიერი ახალგაზრდების შესაძლებლობები და კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი თეორიული და პრაქტიკული სწავლების სინთეზის მნიშვნელობას. ეს იყო იმის დასტური, რომ, რასაც სტუდენტები თეორიულად ითვისებენ, შემდგომ ამ ცოდნას პრაქტიკაში ახორციელებენ. მადლობა ფორუმის ინიციატორებსა და ორგანიზატორებს – მარინა სალუქვაძესა და ნათია რაჭველიშვილს. სწორედ მათი შრომით გახდა შესაძლებელი ფორუმის ჩატარება და იმედი მაქვს — მომავალში ის კიდევ უფრო ფართომასშტაბიან ხასიათს შეიძენს“, – აღნიშნა მანანა შამილიშვილმა.
დასასრულ, კიდევ ერთხელ გამოითქვა სურვილი და იმედი, რომ თსუ-ის ბაზაზე გამართული კინო-ფორუმი გახდება „ახალი მუდმივი პლატფორმა“ დამწყები ავტორების მეტი თვითგამოხატვისა და შემოქმედებითი თავისუფლებისთვის.