ანა შეწირული: ,,გავეცანი სწავლების განსხვავებულ მეთოდებს“
თსუ-ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტი ანა შეწირული თავის გამოცდილებას გვიზიარებს — როგორ შეძლო გაცვლითი პროგრამით სარგებლობა, რა სირთულეებთან იყო დაკავშირებული კონკურსის გავლა და როგორ მიაღწია სასურველ შედეგს. გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ანას შესაძლებლობა მიეცა, ერთი სემესტრი სლოვაკეთში, კერძოდ, ბრატისლავაში გაეტარებინა და სწავლა კომენიუსის უნივერსიტეტში გაეგრძელებინა. იქიდან კი შთაბეჭდილებებით სავსე დაბრუნდა: „საზღვარგარეთ ერთი სემესტრით სწავლა ჩემთვის გამოწვევაც იყო და, ამასთანავე, კარგი გამოცდილებაც… ვფიქრობ, ეს არის შესაძლებლობა, რომელიც აუცილებლად ყველა სტუდენტმა უნდა გამოიყენოს. ამ პერიოდის განმავლობაში სრულიად ახალ და განსხვავებულ გარემოში მომიწია ყოფნა, რამაც კიდევ უფრო თავდაჯერებული და დამოუკიდებელი გამხადა. გავეცანი სწავლების განსხვავებულ მეთოდებს. სხვა ქვეყნების სტუდენტებთან ურთიერთობაც ძალიან საინტერესო იყო. სხვადასხვა კულტურისა და გამოცდილების გაცნობა და გაზიარება ბევრი ახალი და საინტერესო ხედვის ჩამოყალიბებაში დამეხმარა. ეს პერიოდი მხოლოდ აკადემიური თვალსაზრისით არ ყოფილა მნიშვნელოვანი. უცხო ქვეყანაში გატარებულმა რამდენიმე თვემ ჩემი შესაძლებლობები უკეთ დამანახა და საშუალება მომცა – საკუთარი ძლიერი მხარეები კიდევ უფრო გამომევლინა. ამიტომ, ეს პერიოდი ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ მოგონებად დარჩება“, — ამბობს ანა.
კითხვაზე, თუ რამდენად მოსწონს თსუ-ში სწავლა, გვპასუხობს: „ისეთ წამყვან უნივერსიტეტში სწავლა, როგორიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია, სტუდენტს პიროვნული და პროფესიული განვითარების ბევრ შესაძლებლობას აძლევს. სასწავლო პროცესში მიღებული ცოდნა და გამოცდილება მეხმარება – სხვადასხვა საკითხს განსხვავებული პერსპექტივიდან შევხედო. თსუ-ში სწავლის პერიოდში განსაკუთრებით ვაფასებ იმ გარემოს, რომელიც სტუდენტებს მუდმივად გვაძლევს შესაძლებლობას – განვვითარდეთ და მივიღოთ ახალი გამოცდილება. ვფიქრობ, უნივერსიტეტმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმაში, რომ დღეს უფრო მკაფიოდ ვიცი, რა მიმართულებით მსურს განვითარება და რა მიზნების მიღწევა მინდა მომავალში“.
მისთვის „წარმატების ისტორია“ იმ პატარა ნაბიჯებშია, რომლებიც სწავლის განმავლობაში ეტაპობრივად გადადგა: სკოლა წარჩინებით, ოქროს მედლით დაამთავრა, რის შემდეგაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახელმწიფო გრანტით ჩაირიცხა. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში კი მაღალი აკადემიური მოსწრების საფუძველზე სტიპენდიის მოპოვებაც შეძლო.
„აკადემიურ განათლებას ყოველთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებდი და ვცდილობდი, სწავლის თითოეული ეტაპი ახალი ცოდნისა და შესაძლებლობების მიღების გზად მექცია. ამ გზაზე მიღებულმა გამოცდილებამ ბუნებრივად გამიჩინა სურვილი – საკუთარი შესაძლებლობები სხვა გარემოშიც გამომეცადა, რაც საბოლოოდ Erasmus+-ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობით გაგრძელდა. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, თსუ უფრო ორიენტირებულია თეორიული ცოდნის მიღებაზე, ხოლო კომენიუსის უნივერსიტეტში სწავლების პროცესი მეტად პრაქტიკულ და გამოცდილებაზე დაფუძნებულ მიდგომებს აერთიანებს. განსხვავებული იყო ლექციებისა და სემინარების ფორმატიც, რომელიც პრაქტიკული დავალებების, დისკუსიებისა და სხვადასხვა აქტივობის კომბინირებას ეფუძნებოდა, რაც თეორიულად ნასწავლი საკითხების პრაქტიკაში გადატანის შესაძლებლობას იძლეოდა. საბოლოოდ, ამ ორი მიდგომის გაერთიანებამ ჩემი გამოცდილება უფრო მრავალფეროვანი გახადა და პროფესიულ განვითარებაშიც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა“, — ამბობს ანა.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მათზე წინასწარ საუბარი უჭირს, თუმცა ამ ეტაპზე, როგორც თავად ამბობს, მისი მთავარი მიზანია, ფსიქოლოგიის მიმართულებით უფრო ღრმა ცოდნა შეიძინოს. ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ კი სურს სწავლის სამაგისტრო პროგრამაზე გაგრძელება და მიღებული ცოდნის რეალურ გარემოში გამოყენება.
