ბარბარე კოკაიას სამომავლო გეგმები კვლავაც თსუ-ში სწავლის გაგრძელებას უკავშირდება
თსუ-ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი ბარბარე კოკაია სლოვაკეთში, ბრატისლავას კომენიუსის უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სწავლობდა. როგორც ამბობს, ერთმა სემესტრმა მისი თვალსაწიერი სრულიად შეცვალა. ,,მიუხედავად იმისა, რომ ეს პერიოდი დატვირთული იყო სწავლით და გარშემომყოფებთან კომუნიკაციებით, მაინც მქონდა საშუალება – ჩავღრმავებოდი საკუთარ თავს, სურვილებს, ემოციებსა და სამომავლო გეგმებს“, – ამბობს სტუდენტი.
მისი ინფორმაციით, კომენიუსის უნივერსიტეტში ყურადღება, ძირითადად, სწავლების პრაქტიკულ მეთოდებს ეთმობოდა, რაც თსუ-ში, ბარბარეს აზრით, ნაკლებადაა დამკვიდრებული. ,,თსუ-ში უმეტესად თეორიულ ცოდნაზე მახვილდება ყურადღება, თუმცა სწორედ ამ მყარმა თეორიულმა საფუძველმა მომცა შესაძლებლობა – გამეზიარებინა ჩემი ცოდნა და გამოცდილებები კომენიუსის უნივერსიტეტში. თსუ-ში სწავლამ ინტერდისციპლინური ხედვაც ჩამომიყალიბა და, რაც მთავარია, კრიტიკული აზროვნება გამიღრმავა, რაც საზღვარგარეთ სწავლის დროს ძალიან გამომადგა“, – ამბობს ბარბარე კოკაია.
ბარბარეს სამომავლო გეგმები კვლავაც თსუ-ში სწავლის გაგრძელებას უკავშირდება, რადგან დარწმუნებულია, რომ კიდევ ბევრი შესაძლებლობა ელოდება წინ…
