9 აპრილი თუ 26 მაისი?

თარიღი: 2023-05-29 17:12:31

„9 აპრილი თუ 26 მაისი?“  – ამ სახელწოდებით წაიკითხა  თსუ-ს დოქტორანტმა გიორგი არქანიამ თავისი მოხსენება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენციაზე, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 24 მაისს გაიმართა.

როგორც გამოსვლისას დოქტორანტმა განაცხადა,  მოხსენების ძირითადი მიზანია ის, თუ როდის უნდა აღინიშნებოდეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. წლების განმავლობაში საზოგადოების გარკვეული ჯგუფები ერთმანეთს უპირისპირდებიან იმ საკითხზე, თუ რომელია სინამდვილეში საქართველოს უმთავრესი დღესასწაული და რომელ დღეს უნდა ვიზეიმოთ.

გიორგი არქანიამ ვრცლად  მიმოიხილა – თუ როგორ აღინიშნებოდა 1918 წლიდან და შემდეგ უკვე წლების განმავლობაში 26 მაისი. მისი ინფორმაციით, დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პერიოდში, 1919-1920 წლებში, ეს თარიღი საქართველოში პომპეზურად აღინიშნებოდა და, საქართველოს ოკუპაციის შემდეგაც,  1921 წელს  ბოლშევიკურმა ხელისუფლებამაც დაუშვა ამ თარიღის აღსანიშნი ზეიმი, თუმცა, რა თქმა უნდა,  შეზღუდული ფორმით. ამის  შემდეგ, საბჭოთა რეალობაში, ეს დღესასწაული აღარ აღუნიშნავთ, თუ არ ჩავთვლით  ემიგრაციულ მთავრობასა  და ემიგრანტ ქართველებს, რომლებიც უცხოეთში ზეიმობდნენ 26 მაისს.

„26 მაისის, როგორც დამოუკიდებლობის დღის,  აღნიშვნა კვლავ განახლდა 80-იანი წლების ბოლოს, როდესაც საქართველოში გააქტიურდა ეროვნულ განმათავისუფლებელი ანტისაბჭოთა  მოძრაობა. 1887 წლიდან 26 მაისს არაოფიციალურად აღნიშნავდნენ მიტინგებით, დემონსტაციებით… მას შემდეგ, რაც 1990 წლის 28 ოქტომბრის მრავალპარტიულ არჩევნებში, ზვიად გამსახურდიას ლიდერობით, „მრგვალი  მაგიდა –  თავისუფალი საქართველო“-მ გაიმარჯვა  და ქვეყანაში კომუნისტური რეჟიმი დასრულდა, ეროვნულმა ხელისუფლებამ 1990 წლის 22 ნოემბერს 26 მაისი დამოუკიდებლობის დღედ გამოაცხადა, რომელიც მომდევნო წელსაც აღინიშნა.  ამავე დროს, ისიც ვიცით, რომ დამოუკიდებლობის აღდგენა გამოცხადდა 1991 წლის 9 აპრილს, რაც დაეფუძნა რამდენიმე დღით ადრე, კერძოდ, 31 მარტს ჩატარებულ საყოველთაო რეფერენდუმის შედეგებს.

რეფერენდუმზე დასმული იყო ერთი  შეკითხვა: „თანახმა ხართ თუ არა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა  1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?“

ამგვარად, საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის  კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღი გაჩნდა, თუმცა,  ამავე დროს, 9 აპრილს საქართველოს უახლეს ისტორიაში სხვა დატვირთვაც აქვს –  ეს არის ტრაგედიის დღე, როდესაც საბჭოთა არმიამ ძალისმიერი მეთოდებით ჩაახშო მშვიდობიანი დემონსტაცია საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით. სწორედ ამ მიზეზით უზენაესმა საბჭომ ეს თარიღი  დაამთხვია დამოუკიდებლობის გამოცხადებას. ამ გადაწყვეტილებას ორი ძირითადი მიზანი ჰქონდა, თუმცა, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შემდეგ 9 აპრილი დიდი ხნის განმავლობაში არ მოიხსენიებოდა როგორც დამოუკიდებლობის დღე, რადგან გადატრიალების შემდეგ მოსული ხელისუფლება ერიდებოდა მისი სახელის ხსენებას და, შესაბამისად, 9 აპრილი აღინიშნებოდა მხოლოდ როგორც ტრაგედიის დღე.

ჩემი მოხსენების ძირითადი სათქმელი გახლავთ ის, რომ  ორივე თარიღი – 9 აპრილი და 26 მაისი, რეალურად, არის დამოუკიდებლობის დღე – ორივე დღესასწაულია, უნდა ვიზეიმოთ და მივულოცოთ ერთმანეთს. საზოგადოების ნაწილში 9 აპრილი ჯერ კიდევ  ტრაგედიას უკავშირდება, მაგრამ ის ადამიანები სწორედ თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირნენ, მათი ოცნებაც ის იყო, რომ თავისუფალ საქართველოში გვეცხოვრა“,  – განაცხადა გიორგი არქანიამ. 

მისი აზრით,  საკითხი უნდა გადაწყდეს ისე,  როგორც ბალტიის ქვეყნები უდგებიან ამ თემას. იქაც ორჯერ აღინიშნება დამოუკიდებლობის დღე: პირველი უკავშირდება 1918 წელს გამოცხადებულ დამოუკიდებლობას, მეორე კი  – 1990-1991 წლებში აღდგენილ დამოუკიდებლობას. ,,ჩვენც სწორედ ასე უნდა მივუდგეთ ამ საკითხს – 26 მაისი უნდა დარჩეს დამოუკიდებლობის დღედ, ასევე,  9 აპრილიც, რადგან ეს არის იმ გმირების ხსოვნის დღე, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობას შეეწირა… ამიტომ ორივე დღე უნდა ვიზეიმოთ და მივულოცოთ ერთმანეთს“, – ამბობს გიორგი არქანია.

Facebook
Twitter
LinkedIn