მიკვლეულია უნიკალური ინფორმაცია საქართველოს ისტორიული მხარეების შესახებ 5-ვერსიანი რუკების კატალოგში – ,,საქართველო“

თარიღი: 2026-07-09 15:20:37

ძველი კარტოგრაფიული წყაროების შესწავლას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ისტორიული, პოლიტიკური თუ კულტურული თვალსაზრისით. იგი შესაძლებლობას ქმნის დადგინდეს ქვეყნის ისტორიული საზღვრები და ტერიტორიული მოწყობის სტრუქტურა, განსახლების არეალი, ქართული კულტურული ძეგლების ლოკალიზაცია,  ტოპონიმია და სხვ. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე გამოცემული ძველ რუსულ საზომ სისტემაში შექმნილი ე.წ. „ვერსიანი“ რუკები, რომელიც მოიცავს თანამედროვე და ისტორიული საქართველოს, აგრეთვე მის მიმდებარე ტერიტორიებს. ეს ის პერიოდია, როდესაც რუსეთის იმპერიამ გააუქმა ქართული სახელწიფოებრიობა და საქართველოს რუკებს უკვე უცხოელები ქმნიდნენ. საქართველოს (და კავკასიის) დაპყრობის შემდეგ საჭირო გახდა ახლად მიერთებული ტერიტორიების  საფუძვლიანი აღწერა და სათანადო რუკების შექმნა. სწორედ ამ მიზნით 1833 წელს შეიქმნა საგანგებო უწყება – სამხედრო-ტოპოგრაფიული ასეული, რომელიც დროთა განმავლობაში იცვლიდა სახელწოდებას და უფრო სრულყოფილ სტრუქტურად ყალიბდებოდა. მათი მუშაობის შედეგად შეიქმნა სხვადასხვა, მათ შორის, 5-ვერსიანი რუკაც.

სწორედ ამ რუკების შესწავლა და გამოცემა დაისახა მიზნად სამუშაო ჯგუფმა, რომელმაც შეადგინა პროექტი „საქართველოს კარტოგრაფიული ონლაინკატალოგი და 5-ვერსიანი რუკის გეოგრაფიულ-კარტომეტრიული კვლევა“ (FR 22-529) და 2023 წელს ის წარადგინა შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში ფუნდამენტური კვლევების კონკურსში. პროექტის წევრები არიან: თსუ-ს პროფესორი, გეომორფოლოგია-კარტოგრაფიის კათედრის გამგე დალი ნიკოლაიშვილი (სამეცნიერო ხელმძღვანელი), ისტორიის დოქტორი, თსუ-ს მუზეუმის დირექტორის მოადგილე დავით სართანია, ისტორიკოსი ავთანდილ უჯმაჯურიძე, თსუ-ს გეოგრაფიის დეპარტამენტის დოქტორანტები: მაია ცხვარაძე და ანი არსენაშვილი (კოორდინატორი).

Scan2Net Scanner Output

კავკასიის 5-ვერსიანი რუკა ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა. იგი დაცულია საქართველოს სხვადასხვა უწყებაში (საქართველოს ეროვნული არქივი, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეომორფოლოგია-კარტოგრაფიის კათედრა და ამავე უნივერსიტეტის გეოგრაფიის მუზეუმი და სხვ.) –  ხშირ შემთხვევაში უფრო გაფანტული ეგზემპლარების სახით. ჩვენი არჩევანი შეჩერდა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ივანე ჯავახიშვილის პირად ფონდში დაცულ რუკაზე, ვინაიდან 2026 წელი დიდი ივანე ჯავახიშვილის საიუბილეო – 150-ე წელია. რუკის ამ ფურცლებზე მეცნიერის მუშაობის კვალია შემორჩენილი: მინაწერები ქართულ და რუსულ ენებზე, გრაფიკული მონიშვნებიც; გამოყენებულია მრავალფეროვანი სახვითი საშუალებები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ  მეცნიერი დიდად იყო დაინტერესებული აღნიშნული რუკით და ხანგრძლივი დროის განმავლობაში მუშაობდა მასზე.  მიუხედავად ამ დაინტერესებისა, ფაქტობრივად, ეს რუკები დამოუკიდებლად  არავის უკვლევია, ისინი უფრო „თაროზე“ შემოდებული ისტორიული რარიტეტები იყო. ჩვენმა ჯგუფმა სცადა ამ ხარვეზის შევსება და ვთვლით, რომ ნაწილობრივ განვახორციელეთ კიდეც.  რუკის რამდენიმე ფურცელი მოგვაწოდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა, ისტორიის დოქტორმა გიორგი ჭეიშვილმა. კატალოგი განკუთვნილია სხვადასხვა დარგის სპეციალისტისა და სხვა დაინტერესებული მკითხველისათვის.

5-ვერსიანი რუკის მასშტაბია 5 ვერსი 1 დიუმზედ, რაც შეესაბამება თანამედროვე მასშტაბს 1:210,000-ს, ე.ი. 1 სმ-ში 2,1 კმ-ია. იგი იძლევა ფართო ტერიტორიის გამოსახვის საშუალებას საკმაოდ დეტალურად. სწორედ ეს დეტალურობაა ამ რუკის ღირსება, რადგანაც ამით მკითხველი უამრავ ინფორმაციას იღებს. კერძოდ, მასზე დატანილია: პოლიტიკური და ადმინისტრაციული საზღვრები, ძირითადი გზები და ბილიკები, მდინარეები და ხეობები, მთები და უღელტეხილები, დასახლებები (ქალაქები და სოფლები, საცხოვრებელი სახლები, მშენებარე სახლები, სოფლები ბოსტნებითა და ხეხილის ბაღებით, ვენახით; ცალკეული სახლები და მეტყევეების ქოხები;), საკულტო (ეკლესია, მონასტერი, მეჩეთი, სინაგოგა)  და საფორტიფიკაციო (ციხეები) ნაგებობები, სასაფლაოები (მაგ., ქრისტიანთა სასაფლაო, მაჰმადიანთა სასაფლაო და სხვ.); სამეურნეო ობიექტები (ქარხანა, ფაბრიკა, წისქვილი), გზები (სარკინიგზო ხაზები – ორმხრივი, ცალმხრივი, ვიწროლიანდაგიანი; რკინიგზის სადგურები, გვირაბები; საავტომობილო გზები – მაგისტრალი, ფართო გზები, ბილიკები), ტყის საფარი და სხვ. ეს ზღვა ინფორმაცია სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისათვისაა პირველწყარო, მითუმეტეს, რომ, როგორც აღვნიშნეთ, იგი დამოუკიდებლად დღემდე არავის უკვლევია.

წინამდებარე ნაშრომში „5-ვერსიანი რუკების კატალოგი: საქართველო“ შესულია აღნიშნული რუკის 60 ფურცელი, სადაც ასახულია საქართველო და მიმდებარე ისტორიული ტერიტორიები (კლარჯეთი, ტაო, შავშეთი, ერუშეთი, კოლა, არტაანი, ზაქათალა, ლორე და სხვ.). ამდენად, ამ რუკის მეშვეობით თავს იყრის უნიკალური ინფორმაცია, რომელიც საქართველოს ამ ისტორიული მხარეების შესახებ სხვა წყაროების მიხედვით არ მოგვეპოვება. მითუმეტეს, დღეს ამ ადგილებში რუკაზე ასახული ცნობების მხოლოდ მცირედ ანარეკლს თუ მოვიძიებთ. ამიტომ ეს რუკა საშუალებას გვაძლევს თვალი გავადევნოთ საზოგადოებრივ-ეკონომიკური და კულტურული ცვლილებების დინამიკას რუკის შექმიდან დღემდე.

ჯერჯერობით, ეს საქმის დასაწყისია, თუმცა ეს რუკა კვლავ რჩება მომავალი კვლევის ობიექტად. ავტორთა ჯგუფი ამ მიმართულებით ისევ აგრძელებს მუშაობას და შედეგებს მომავალში გაუზიარებს დაინტერესებულ მკითხველს.

 დალი ნიკოლაიშვილი

დავით სართანია

ავთანდილ უჯმაჯურიძე

Facebook
Twitter
LinkedIn