შესაძლებლობები უსაზღვროა, მაშასადამე არ არსებობს დაუძლეველი სირთულე
ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს, შესაბამისად, არ არსებობს სირთულე, რომელსაც, თუ მოინდომებ, ვერ დაძლევ – ასე ფიქრობს ჰერიკნაზ ჯორუხიანი, გოგონა ახალქალაქის სოფელ მურჯახეთიდან.
ჰერიკნაზი ეთნიკურად სომეხია და წელს ჩააბარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 4+1 სასწავლო პროგრამაზე (100 %- იანი გრანტით). ეს პროგრამა სტუდენტებს ეხმარება ხარისხიანი განათლების მიღებასა და ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის, შესწავლაში. პროგრამის დახმარებით მიღებული ცოდნა კი განაპირობებს ეთნიკური უმცირესობების ჩართულობას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.
„ვიცოდი , რომ ბევრი შრომა მომიწევდა ამ შედეგისთვის, აუცილებელი იყო თავდაუზოგავი მუშაობა, რადგან ძალიან მინდოდა უფასოდ მესწავლა, საბოლოოდ, ასეც მოხდა და ასპროცენტიანი დაფინანსება მოვიპოვე. ახლა ახალი გამოწვევის წინაშე ვდგავარ – ქართული ენა უნდა ვისწავლო ისე, რომ განათლების მიღებაში ხელი არ შემეშალოს,“ – ამბობს იგი.
ჰერიკნაზისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ენის სრულფასოვნად შესწავლა. მიუხედავად სირთულეებისა, ჯიუტად ისწრაფვის მიზნისკენ: „ეს ენა ჩემთვის უძვირფასესია, რადგან საქართველოს მოქალაქე ვარ და საქართველოში ცხოვრებას ვაპირებ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ჩამოვსულიყავი თბილისში, ამერჩია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული 4+1 პროგრამა და გამომეყენებინა ეს შესაძლებლობა საკუთარი თავის განვითარებისთვის.“
ჰერიკნაზის სამომავლო გეგმები ბილინგვურ განათლებას უკავშირდება, სწავლის გაგრძელებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეგმავს და თვლის, რომ, შესაძლო სირთულეების არსებობის მიუხედავად, აუცილებლად მიაღწევს სასურველს შედეგს.
„ამ ერთი წლის განმავლობაში უნდა ვიმუშაო ისე, რომ ბაკალავრიატის პროგრამაზე შევძლო შეუფერხებლად სწავლა და მეცადინეობა ეთნიკურად ქართველებთან. დარწმუნებული ვარ, იქნება სირთულეები, დამჭირდება უშრეტი ენერგია, მაგრამ მჯერა, საბოლოოდ ყველაფერი იქნება ისე, როგორც მინდა რომ იყოს. მაგალითად, ჩემმა დამ სწორედ 4+1 პროგრამაზე სწავლის შემდგომ ჩააბარა ერთ-ერთ უნივერსიტეტში. ასევე, მისი მეგობარი თსუ-ს მესამე კურსის სტუდენტია და მე ვხედავ, თუ რამდენად დიდ ენერგიას ხარჯავენ სწავლის პროცესში, თუმცა შედეგი ნამდვილად აქვთ,“ – გვითხრა მან.
ჰერიკნაზის სურვილია, განათლების მიღების შემდეგ მშობლიურ მხარეს დაუბრუნდეს და ყველაფერი გააკეთოს სოფელ მურჯახეთისა და ახალქალაქის განვითარებისთვის: „ძალიან მინდა, მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტს დავამთავრებ, დავბრუნდე მშობლიურ კუთხეში, ჩემი ცოდნა და გამოცდილება გავუზიარო სხვებს. რაც ყველაზე მთავარია, ყველას დავუმტკიცო ის, რომ შეუძლებელი არაფერია, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მოსაზრება ქართული ენის შესწავლის სირთულესთან დაკავშირებით. სიმართლე გითხრათ, ამას ვერ უარვყოფ, ნამდვილად არ არის ქართული ენის სწავლა მარტივი, თუმცა, არც შეუძლებელი,“ – გვითხრა ჰერიკნაზმა.
„არ არის მარტივი, თუმცა – არც შეუძლებელი!“ – ჰერიკნაზის სიტყვები გვიჩვენებს, რომ, მიზნის მიღწევისთვის მთავარი შრომა და სურვილია.
ნინო კვარაცხელია,
თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტი