თსუ-ს სისხლის სამართლის მიმართულებამ ოთხი ახალი სამეცნიერო ნაშრომი წარადგინა

თარიღი: 2022-12-05 22:33:13

ახალი სამეცნიერო გამოცემები თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის მიმართულებაზე  ბოლო 3 სამი წლის განმავლობაში განხორციელებული კვლევების შედეგებს ასახავს. პრეზენტაცია, 3 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი გამოცემებიდან სამი ნაშრომი გერმანულ-ქართულ ჭრილშია შესრულებული.

  • „შესავალი მედიცინის სისხლის სამართალში“ – ავტორი: პროფესორი ე. ჰილგენდორფი – თარგმანი: ასოცირებული პროფესორი ქ. მჭედლიშვილი-ჰედრიხი.
  • „მედიცინის სისხლის სამართალი გერმანულ-ქართულ შედარებით ჭრილში“ – რედაქტორები: პროფესორები ე. ჰილგენდორფი, კ. ქუშე, მ. ივანიძე, ნ. თოდუა, ასოცირებული პროფესორი ქ. მჭედლიშვილი-ჰედრიხი, ასოცირებული პროფესორი მ. შალიკაშვილი.
  • „სისხლის სამართლებრივი სანქციები  და  სასჯელის  შეფარდება“  –სარედაქციო კოლეგია: პროფესორები ო. გამყრელიძე, ბ. ჰაინრიხი, მ. ტურავა, მ. ივანიძე, ნ. თოდუა, ასისტენტ-პროფესორი თ. ცქიტიშვილი.
  • „ქეთევან მჭედლიშვილი-ჰედრიხის საიუბილეო კრებული 60“ – რედაქტორი პროფესორი მ. ივანიძე.

„შესავალი მედიცინის სისხლის სამართალში“ და „მედიცინის სისხლის სამართალი გერმანულ-ქართულ შედარებით ჭრილში“ გერმანიის ერთ-ერთმა პრესტიჟულმა გამომცემლობამ – Duncker & Humblot-მა ბერლინში გამოსცა, შესაბამისად, ახალი ნაშრომები როგორც ქართველი, ისე გერმანელი აკადემიური წრეების წარმომადგენლებისა და სტუდენტებისთვის არის ხელმისაწვდომი.

„ეს ნაშრომები აქტუალურია როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით, რადგან მათში წარმოდგენილი სტატიები მნიშვნელოვანია საექიმო საქმიანობისას ჩადენილი დანაშაულის კუთხით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში რამდენიმე მუხლია, რომლებიც ექიმის მიერ ჩადენილ დანაშაულს არეგულირებს. ნაშრომში „მედიცინის სისხლის სამართალი გერმანულ-ქართულ შედარებით ჭრილში“ აღნიშნული საკითხები მრავალმხრივად არის  გაანალიზებული.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალი გამოცემების პრეზენტაციას სტუდენტებიც ესწრებოდნენ. ჩვენ ვსაუბრობთ მედიცინის სისხლის სამართლის საკვანძო საკითხებზე, რომელიც სამეცნიერო საზოგადოებისთვის, პრაქტიკოსებისა და სტუდენტებისათვის მეტად არსებითია“, – განაცხადა თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა მაია ივანიძემ.

„მედიცინის სამართალი საქართველოში ახალი დარგია და რამდენიმე განშტოებას მოიცავს, მათ შორის, სისხლის სამართალსაც, რომელიც არის არა მხოლოდ დოგმატურად საინტერესო, არამედ პრაქტიკულადაც.

ზოგიერთ  უცხო ქვეყანაში (მაგ: დიდი ბრიტანეთი, აშშ) ექიმმა რა შეცდომაც არ უნდა დაუშვას, მათ შორის, მისატევებელი თუ მიუტევებელი, არ განიხილება ეს საკითხი და მედიცინის მუშაკი მხოლოდ მატერიალურად აგებს პასუხს გარდაცვლილის უფლებამონაცვლესთან ან მთლიანად კლინიკა იღებს მატერიალურ პასუხისმგებლობას.

საქართველო სამართლებრივად რომანულ-გერმანული სამართლის ოჯახთან არის დაკავშირებული  და ჩვენ, ძირითადად, ვიზიარებთ გერმანულ დოქტრინაში გამოთქმნულ მოსაზრებას, რომ სამედიცინო შეცდომის დროს, თუ ეს არის მისატევებელი, მაშინ პასუხისმგებლობა ექიმს არ დაეკისრება, მაგრამ, თუ შეცდომა არის მიუტევებელი, მაშინ დგება მედიცინის მუშაკის პასუხისმგებლობის საკითხი, რა თქმა უნდა, გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულისთვის და არა – გაზრახ დანაშაულისთვის. სწორედ ამ საკითხებზე არის მსჯელობა კრებულში  -„მედიცინის სისხლის სამართალი გერმანულ-ქართულ შედარებით ჭრილში“, – განაცხადა თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის მიმართულების პროფესორმა ნონა თოდუამ.

„მედიცინის სისხლის სამართალი გერმანულ-ქართულ შედარებით ჭრილში“ ასახავს 2019 წლის სამეცნიერო კონფერენციის მასალებს,  ჩვენი მიმართულების 4 პროფესორია თანაგამომცემელი, კვლევები იმდენად აქტუალური აღმოჩნდა გერმანელი სამართალმცოდნეებისთვისაც, რომ მათი ინიციატივით გერმანიაში გამოიცა.

ჩემთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს იმ ფაქტსაც, რომ გერმანულ-ქართულ გამოცემას სათაური ქართულ ენაზე აწერია, რაც გერმანელ მკითხველს ამცნობს ან შეახსენებს, რომ მსოფლიოში არსებობს 14 ანბანი და აქედან ერთ-ერთი ქართულია“, – განაცხადა თსუ-ს პროფესორმა, იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის მოწვეულმა სპეციალისტმა ქეთევან მჭედლიშვილი-ჰედრიხმა.

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის მიმართულების მიერ წარმოდგენილ ახალ გამოცემებს შორის იყო „ქეთევან მჭედლიშვილი-ჰედრიხის საიუბილეო კრებული 60“, რომელშიც ქართველი და გერმანელი სამართალმცოდნეების მიერ შესრულებული სამეცნიერო ნაშრომები გაერთიანდა.

„მინდა გითხრათ, რომ საიუბილეო კრებულების გამოცემა გერმანიაში აპრობირებული პრაქტიკაა და ისინი აერთიანებს მაღალი ხარისხისა და ციტირების მქონე სტატიებს, რითაც სამართლის დარგში მოღვაწე მეცნიერები პატივს მიაგებენ კოლეგების ღვაწლს. მოხარული ვარ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც გრძელდება ეს ტრადიცია და შედეგად გამოიცემა ნაშრომები, რომლებიც დიდ დახმარებას უწევს როგორც მეცნიერებსა და სტუდენტებს, ასევე პრაქტიკოს იურისტებს. წარმოდგენილი კვლევების პრეზენტაცია ასევე მიანიშნებს, რომ ქართული სისხლის სამართლის სკოლა ღირსეულად აგრძელებს ტრადიციებს, რაც დიდი ღვაწლია ქართული სამართლის განვითარებაში, რადგან ვერცერთი კანონმდებლობა ვერ დაიხვეწება მეცნიერული კვლევის გარეშე“, – განაცხადა თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა კობა ყალიჩავამ.

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის მიმართულებაზე სამი პროფესორისადმი  – ნონა თოდუა, ირინე აქუბარდია და ქეთევან მჭედლიშვილი-ჰედრიხი – მიძღვნილი საიუბილეო კრებულები გამოქვეყნდა. სამივე გამოცემის სამეცნიერო რედაქტორი პროფესორი მაია ივანიძეა. კრებულები პროფესურის, დოქტორანტებისა და სტუდენტების სტატიებს აერთიანებს და აკადემიური პერსონალის სამეცნიერო ღვაწლის დაფასების მიზნით გამოიცემა.

Facebook
Twitter
LinkedIn