2025 წლის დასამახსოვრებელი მოვლენა/ფაქტი, რომელიც უნივერსიტეტს უკავშირდება

თარიღი: 2025-12-17 13:44:45

გვესაუბრებიან თსუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლები

  • საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ორი დღე განსაკუთრებით დასამახსოვრებლად იქცა, განსხვავებული შინაარსით, მაგრამ საერთო ღირებულებითი დატვირთვით: ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მხარდაჭერით ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით გაიმართა. ღონისძიებამ გააერთიანა აკადემიური სივრცე და საზოგადოებრივი ინტერესები, რაც უნივერსიტეტის მრავალმხრივ მისიას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. მეორე მნიშვნელოვანი მოვლენა დაკავშირებული იყო ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ ეფრემის ვიზიტთან უნივერსიტეტში. სტუმრობის ფარგლებში არქიმანდრიტმა ეფრემმა საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე – „სულიერება თანამედროვე ეპოქაში“. ლექციამ ფართო ინტერესი გამოიწვია როგორც სტუდენტებში, ისე აკადემიურ წრეებში და მნიშვნელოვანი სივრცე შექმნა თანამედროვე სამყაროში სულიერი ღირებულებების როლის გააზრებისთვის.
  • ანა კალანდაძის 100 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას განსაკუთრებული ადგილი ჰქონდა ქართულ კულტურულ ცხოვრებაში.  ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ ოჯახის წევრების ემოციური მოგონებები, რომლებიც ანა კალანდაძის პიროვნებასა და შემოქმედებას ახალი და  უფრო გულახდილი    კუთხით წარმოაჩენდა.
  • უნივერსიტეტში ერთ-ერთი დასამახსოვრებელი ღონისძიება იტალიელი მწერლის დაჩა მარაინის სტუმრობა იყო. მწერალმა სტუდენტებს წარუდგინა თავისი წიგნი  „წიგნის წერის სიყვარული“ და გაუზიარა გამოცდილება სიტყვასთან მუშაობისა და შემოქმედებითი პროცესის შესახებ, რაც განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას  ახდენს მკითხველზე.
  • უნივერსიტეტში ინტელექტუალური ტექნოლოგიების განვითარების პროცესი დაიწყო, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თსუ-ს პროგრესს. სახელმწიფომ განათლების რეფორმის კონცეფცია შეიმუშავა, რაც უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. რეფორმის მიხედვით  სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა სახელმწიფოს მიერ დაფინანსდება, რაც პირდაპირ აისახება სტუდენტთა ჩარიცხვის პროცესსა და უნივერსიტეტის ფინანსურ მდგომარეობაზე – ეს კი ერთგვარ მნიშვნელოვან სიახლედ ჩაითვლება ქვეყნის განათლების სისტემაში.
  • გამორჩეული დღე იყო უნივერსიტეტისათვის ,,მეცნიერების ფესტივალი”, რომლითაც მეცნიერების საერთაშორისო დღე აღინიშნა. უნივერსიტეტის ეზოში სხვადასხვა ქიმიური ცდების მონაწილე ახალგაზრდები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ.
  • უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა  იმ პენსიონერთა გაცილებას, ვინც  თსუ-ს ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლები იყვნენ.   საზეიმო  ღონისძიება გაიმართა თსუ-ს ბიბლიოთეკაში, სადაც უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და კოლეგები მადლიერებას გამოხატავდნენ მათი საქმიანობის მიმართ,   ხაზს უსვამდნენ პროფესიული გამოცდილების მნიშვნელობას და აღნიშნავდნენ, რომ მათი წვლილი სამუდამოდ დარჩება უნივერსიტეტის ისტორიაში.
  • 2025 წელს საფუძველი  ჩაეყარა საგამოცდო ცენტრის კომპიუტერებით აღჭურვის საკითხს.
  • განსაკუთრებით გამიხარდა უნივერსიტეტელი მეცნიერების მსოფლიო აღიარება, როდესაც ფუნდამენტური ფიზიკის სფეროში გარღვევისათვის დაწესებული ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო 24 ქართველ მეცნიერს მიენიჭა. მათგან 21 მეცნიერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. ამაზე დასამახსოვრებელი ფაქტი რაღა უნდა იყოს…
  • 8 თებერვალს უნივერსიტეტი ყოველთვის საინტერესო ღონისძიებებით აღნიშნავს პირველი ქართული უნივერსიტეტის დაარსების თარიღს, რასაც წელსაც გამორჩეული ზეიმით შევხვდით. უნივერსიტეტელებმა თსუ-ს რექტორთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად ყვავილებით შევამკეთ უნივერსიტეტის დამფუძნებელთა საფლავები. მიყვარს ეს დღე და ყოველთვის ჩვენი უნივერსიტეტის დიდება მახსენდება.
  • დასამახსოვრებელი  იყო თსუ-ს საკალათბურთო გუნდის წარმატება.

Facebook
Twitter
LinkedIn