1978 წლის 14 აპრილი ყოველ წელს გვახსენებს – ფხიზლად ვიყოთ…
ქართული ენის კვირეული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 12 აპრილს ენის დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციით გაიხსნა. კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სახელმწიფო ენის დეპარტამენტი და გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება.
სახელმწიფო ენის დეპარტამენტის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სამსახურის უფროსმა, თსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა თინათინ ბოლქვაძემ ისაუბრა ქართულის, როგორც უძველესი ენისა და მისი შენარჩუნების სახელმწიფოებრივ და ეროვნულ მნიშვნელობაზე: „დღეს ყველაზე მეტად გვმართებს დაფიქრება, როგორია ქართული ენის მდგომარეობა და რა ვითარებაშია იგი. მდგომარეობა ნამდვილად არ არის მარტივი, რადგან, თუ საბჭოთა კავშირის დროს ერთადერთი ენა, რომელიც მას უწევდა კონკურენციას, იყო რუსული და ეს არ იყო მარტივი კონკურენცია, ახლა ეს კონკურენცია გაცილებით რთულია, რადგან ქართულ ენას უწევს გადარჩენა. თან არა მხოლოდ გადარჩენა, არამედ ღირსეული, სრულფასოვანი მოქმედება, რომ ყველა იმ სფეროში, რომელშიც იგი გამოიყენებოდა საბჭოთა კავშირის დროს, რჩებოდეს და იფართოებდეს არეალს, იქნება ეს ხელისუფლების ნებისმიერი შტო, მეცნიერება, განათლება, ან მისი გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს არ არის მარტივი საქმე. ჩვენ ვხედავთ, რომ ქართული კარგავს გამოყენების გარკვეულ სფეროებს და ჩვენი ყოველდღიური მოქმედება აქეთკენ უნდა იყოს მიმართული“, – აღნიშნა მან.
სამეცნიერო კონფერენცია ორ სხდომად გაიმართა. მასზე წარმოდგენილი იქნა მრავალფეროვანი კვლევითი ნაშრომები და მოხსენებები: „ქართული სალიტერატურო ენის ახალი და განახლებული ნორმები“ (თინათინ ბოლქვაძე); „ზმნის „თემის“ ნანოსინტაქსი ქართულ ენაში“ (ცირა ბარამიძე); „ნ ბგერის ჩართვა მეორე კავშირებითის ზნურ ფორმებში ქართულში“ (რუსუდან ზექალაშვილი); „რუსულიდან ქართულში ნასესხები სიტყვების ფონეტიკური ანალიზი“ (ზურაბ ბარათაშვილი, ივანე ლეჟავა); „პარემიული აქტუალიზაციისათვის ქართული ანდაზების ჰიპოტაქსურ კონსტრუქციებში“ (რამაზ ქურდაძე); „ხალხური ლექსი და ტოპონიმი – ლექსემათა ამოსავალი მნიშვნელობის წყარო“ (მაია ლომია) და სხვ.