1 იანვარს დაბადებულთა შორის მხოლოდ 4 უნივერსიტეტელი პროფესორი აღმოვაჩინეთ
გვანცა ვარამაშვილი თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი და ასისტენტია ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით, პარალელურად კი სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორის პოზიციას იკავებს. მისთვის 1 იანვარი განახლებას, მიზნების გადახედვას და ახალი ეტაპის დაწყებას უკავშირდება, თუმცა, აღნიშნავს, რომ ამ თარიღს თან ახლავს გარკვეული გამოწვევაც.
,,პირველ იანვარს დაბადება განსაკუთრებულობის შეგრძნებას ბადებს – თითქოს შენი პირადი დღესასწაული მთელი მსოფლიოს ახალ დასაწყისს ემთხვევა. თუმცა, ეს ერთგვარი გამოწვევაც არის, რადგან ახალი წელი იმდენად მასშტაბური დღესასწაულია, რომ დაბადების დღე ხშირად მის ჩრდილში ექცევა”, – გვიყვება გვანცა ვარამაშვილი.
სწორედ ამიტომ, ცდილობს დაბადების დღეზე ყოველთვის დაიტოვოს პირადი სივრცე – ეს შეიძლება იყოს დროის მშვიდად გატარება ოჯახთან ან თუნდაც საკუთარ თავთან. ეს ტრადიცია ჩვენს რესპონდენტს საახალწლო ხმაურისგან განსხვავებულ განწყობას უქმნის. ,,ეს დღე ჩემთვის ძირითადად თვითშეფასებასა და მომავალი მიზნების დასახვას ეძღვნება”, – განმარტავს გვანცა ვარამაშვილი.
განვლილი 2025 წელი მისთვის კარიერული წინსვლისა და აკადემიური წარმატების წელი იყო – დაიკავა საპასუხისმგებლო თანამდებობა, გამოაქვეყნა სამეცნიერო ნაშრომი და წარმატებით დაასრულა სამეცნიერო კვლევითი პროექტი. ,,მიღწევებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ადამიანური კავშირები, რომლებიც ამ წელს ჩამოყალიბდა – შევიძინე ბევრი საინტერესო და მოტივირებული ადამიანი, რაც ამ წელს კიდევ უფრო ფასეულს ხდის”, – აღნიშნა გვანცა ვარამაშვილმა გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტთან” საუბარში. მომავალი წლისთვის იგი უნივერსიტეტს სტაბილურ განვითარებასა და აკადემიური ხარისხის კიდევ უფრო გაძლიერებას უსურვებს.
. . .
თამარ კეზელი თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის ფარმაკოლოგიის კათედრის სრული პროფესორია. მისი თქმით, ამაღლებული გრძნობაა, როდესაც მომდევნო წლის ათვლა მის დაბადების დღეს ემთხვევა, როდესაც ძველი ყველაფერი წარსულს უნდა გაატანო და ახალთან დაიწყო შეჭიდება.
,,ჩემთვის ახალი წელი იწყება 31 დეკემბრის ღამეს, რომელსაც ბავშვობიდან დღემდე რაღაც ზღაპრული ელფერი დაჰკრავს: ამაღლებული ხასიათი, ოცნებები და მათი ასრულების გზების ძიებაზე ფიქრი, მორთული სახლის სიმყუდროვე და სიმშვიდე, ბუხრის სითბო, ოჯახის წევრების ფუსფუსისათვის თვალის დევნა, თაფლისა და ბუნებრივი ნაძვის სუნი. ახალი წლის შეგრძნება კი მიახლდება 2 იანვარს, როდესაც ჩემი დაბადების დღე უკვე ჩავლილია და იწყება ქრისტეს შობის მოლოდინი”, – გვითხრა პროფესორმა.
როგორც თავად ამბობს, დაბადების დღეს, ძირითადად, მეგობრებთან და ნათესავებთან ერთად ატარებს. პროფესორი ხუმრობით აღნიშნავს 1 იანვარს დაბადების ერთ-ერთ მთავარ უპირატესობას: „განსაკუთრებული ის გახლავთ, რომ ჩემი დაბადების თარიღი არავის ავიწყდება და ყოველთვის უამრავი სტუმარი მყავს, რაც მახარებს და მაბედნიერებს. მართალია, პანდემია ძალიან ეცადა ხელი შეეშალა ჩემი ოჯახის ამ ტრადიციისათვის, მაგრამ არაფერი გამოუვიდა – ისე გვწყურია ყოველთვის ერთმანეთთან ურთიერთობა, რომ ტრადიცია კვლავ გრძელდება“.
2025 წელს ფარმაკოლოგიის კათედრის მთავარი მიღწევა იყო საერთაშორისოდ აღიარებული სახელმძღვანელოს – ,,კლინიკური ფარმაკოლოგიის” (ავტორები პიტერ ბენეტი, მორის ჯ. ბრაუნი, პანკა შარმა), თარგმნა. წიგნი უკვე მზადაა დასაბეჭდად და კათედრის თანამშრომლები მოუთმენლად ელიან მის გამოცემას და სტუდენტებისთვის გაზიარებას 2026 წელს.
პროფესორ თამარ კეზელის საახალწლო სურვილი მშვიდ გარემოში ცხოვრებაა, სურს, რომ მომავალ წელს მოქალაქეებს შორის სიყვარული და პატივისცემა აღდგეს. თსუ-ს ყველა თანამშრომელსა და სტუდენტს კი ახალ წელს ულოცავს და წინსვლას, მრავალ წარმატებასა და გამარჯვებას უსურვებს.
. . .
ნინო გოგნიაშვილი თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი და სამართლის დოქტორია. ლექციების კურსს უძღვება კრიმინალისტიკასა და სისხლის სამართლის პროცესში, ასევე ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე – ქიმიური ექსპერტიზის სამართლებრივი საფუძვლების შესახებ. იგი მრავალი წელია აქტიურ პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობას ეწევა თსუ-ში, პარალელურად კი საქართველოს პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში მუშაობს.
როდესაც ვკითხეთ, თუ რას ნიშნავდა მისთვის 1 იანვრის იუბილარობა, ასე გვიპასუხა: ,,თითქოს ორი საწყისი ერთიანდება: პირადი და მთელი სამყარო. ახალი წლის ღამეს, როცა მთელი მსოფლიო ახალ იმედებს, გეგმებსა და მიზნებს აყალიბებს, მეც ზუსტად ამავე წამს ახალ გვერდს ვხსნი ჩემს ცხოვრებაში. ისეთი განცდაა, თითქოს ორმაგად გეძლევა ათვლის წერტილი: ერთი – როგორც დროის ახალი ციკლის დასაწყებად და მეორე – ისტორიის კიდევ ერთი წლის შესაქმნელად“…
ნინო გოგნიაშვილი ახალ წელს, როგორც წესი, ოჯახთან ერთად ხვდება, დაბადების დღესაც ასევე მშვიდ გარემოში, ოჯახთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად აღნიშნავს.
გასული წლის შეჯამებისას ხაზს უსვამს, რომ 2025 მისთვის თვითგანვითარებისა და მიღწევების წელი იყო. ,,მივიღე მნიშვნელოვანი გამოცდილება სრულიად ახალი კუთხით და მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანია პრიორიტეტული საკითხების ახალი თვალით გადახედვა და ოპტიმიზმი. ახლა, ამ გამოცდილების საფუძველზე, 2026 წელს ახალი გამოწვევებით ვხვდები და ვარ უფრო ძლიერი, უფრო მოტივირებული”, – აცხადებს ნინო გოგნიაშვილი.
. . .
ლევან საბაური თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორია. იგი ფაკულტეტზე აღრიცხვის, ანალიზისა და აუდიტის კათედრას ხელმძღვანელობს. მისთვის თსუ არის სივრცე, სადაც აკადემიური საქმიანობა და თავისუფალი აზროვნება თანაბრად ფასობს. მთელი თავისი საქმიანობით იგი ცდილობს, რომ თეორიული ცოდნა პრაქტიკულ ხედვად აქციოს და სტუდენტებს კრიტიკული აზროვნების, რისკების სწორად შეფასებისა და რეალობისთვის მნიშვნელოვანი კიდევ სხვა უნარების განვითარებაში დაეხმაროს.
ლევან საბაურისთვის 1 იანვარს დაბადება სიმბოლური დატვირთვის მატარებელია. როგორც თავად აღნიშნავს, ეს დღე იქცა მომენტად, როცა აკვირდება – რა იყო წელიწადის მთავარი ღირებულება, რა იყო დანაკარგი და რა დარჩა გაუთვითცნობიერებელი… ასევე რიტუალივითაა მისთვის მოკლე ჩანაწერების გაკეთება, რომელსაც წინა წლის ჩანაწერს ყოველთვის ადარებს.
,,ბავშვობიდანვე მახსოვს განცდა, რომ ახალი წელი რაღაც განსაკუთრებული იყო, მაგრამ ასაკთან ერთად ამაში უფრო სიღრმისეული აზრი აღმოვაჩინე: ყოველი პირველი იანვარი ჩემთვის არა მხოლოდ ახალი კალენდრის გადაშლაა, არამედ პროფესიული და პირადი გზების თავიდან გადაფასება. ეს დღე განსაკუთრებული პასუხისმგებლობის შეგრძნებას მიჩენს – თითქოს უნდა დაეწიო საკუთარი თავის უკეთეს ვერსიას, რადგან წელი შენით იწყება. ამ დღეს ყოველთვის ვპოულობ რამდენიმე წუთს, რომ საკუთარ თავს ვკითხო: რას ველოდი გასულ წელს და სად მომიყვანა რეალობამ?“ – გვითხრა ლევან საბაურმა.
2025 წელი მისთვის ნაყოფიერი იყო: დაასრულა მნიშვნელოვანი კვლევითი პროექტები, მათ შორის, ტექნოლოგიური ინოვაციების როლზე აუდიტსა და კორპორაციულ მმართველობაში. აქტიურად იყო ჩართული საერთაშორისო სამუშაო ჯგუფებში (IFAC/IAASB-ის ჩარჩოში). სწავლებაში დანერგა ახალი მიდგომები – მონაცემებზე დაფუძნებული ამოცანები, ეკონომიკური სიმულაციები და პრაქტიკული ანალიზი, რამაც სტუდენტებთან ერთად მუშაობა უფრო დინამიკური და შედეგებზე ორიენტირებული გახადა.
პროფესორი ლევან საბაური 2026 წლისთვის თსუ-ს უსურვებს, რომ დარჩეს თავისუფლებისა და აკადემიური განვითარების კვარცხლბეკად – სივრცედ, სადაც კვლევა ხდება პროგრესის ბუნებრივი გაგრძელება და სადაც სტუდენტები და პროფესორები ერთად ქმნიან იდეებს, რომლებიც ქვეყნის ინტელექტუალურ კაპიტალს აძლიერებს.
