შეასრულებს თუ არა მედიატორის ფუნქციას სახალხო დამცველის აპარატი?
ნატო ობოლაძე
სახალხო დამცველი თსუ-ის სტუდენტების გაერთიანების „ბრძოლა განათლებისთვის“ წევრებსა და თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ლაშა საღინაძეს შეხვდა. შეხვედრებზე ნინო ლომჯარიამ ორივე მხარის პოზიცია მოისმინა და განაცხადა, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და პროტესტის მონაწილე სტუდენტებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით სახალხო დამცველის აპარატს მედიატორის ფუნქციის შესრულება შეუძლია. ნინო ლომჯარიამ ხაზი გაუსვა უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჩართულობის მნიშვნელობასაც, რადგან „ბრძოლა განათლებისთვის“ წევრების მიერ წამოყენებული მოთხოვნების ნაწილი სახელმწიფო დონეზე მოგვარებას საჭიროებს.
თსუ-ის კანცლერი ლაშა საღინაძე აცხადებს, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს პროტესტის მონაწილე სტუდენტებთან ყოველდღიური კომუნიკაცია აქვთ, თუმცა მოლაპარაკებების კონსტრუქციულ რეჟიმში გადასატანად მათგან შემხვედრი ნაბიჯიც აუცილებელია, რაც რექტორატის დატოვებასა და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას გულისხმობს.
რაც შეეხება სტუდენტების პოზიციას, „ბრძოლა განათლებისთვის“ წევრები რექტორატს მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებენ, თუ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან და განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან მიხეილ ჩხენკელთან შეხვედრა-მოლაპარაკებები სტუდენტების მოთხოვნების დაკმაყოფილებით დასრულდება და ისინი პრობლემების მოსაგვარებლად კონკრეტულ პასუხებს მიიღებენ და ქმედით ნაბიჯებს გადადგამენ.
ამ დროისთვის სტუდენტური მოძრაობა „ბრძოლა განათლებისთვის“ 4 მოთხოვნას აყენებს:
- საერთო საცხოვრებლის მშენებლობა
- ფინანსური გამჭვირვალობა
- მიმდინარე სემესტრის ფინალური გამოცდების ფორმატის ცვლილება
- რექტორის არჩევის წესის ცვლილება
„მთავარი პრობლემა, რომელიც სტუდენტებმა გააჟღერეს, ეს არის სტუდენტური საერთო საცხოვრებლის პრობლემა. უნივერსიტეტს ორი საერთო საცხოვრებელი აქვს — ბაგებსა და ლისის ტბასთან. ლისის სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში, როგორც მითხრეს, მხოლოდ 7 ვაკანტური ადგილია დარჩენილი, რაც შეეხება ბაგების საერთო საცხოვრებელს, იქ არსებული მდგომარეობა არის ღირსების შემლახველი და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი. მიუხედავად ამისა, ეს ორი საერთო საცხოვრებელი ვერ აკმაყოფილებს იმ ათასობით სტუდენტის მოთხოვნას, რომლებიც ვერ ახერხებენ თბილისში ბინის დაქირავებას. მინდა ყველას ავუხსნა, რომ სტუდენტები არ ითხოვენ საგამოცდო შეღავათებს, ისინი ითხოვენ შეღავათებს მათი სოციალური პრობლემების გათვალისწინებით. ეს არის მძიმე საკითხი და მე ვთხოვ როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე უნივერსიტეტის მენეჯმენტს ამ საკითხების გადაჭრას. ჩვენ შეგვიძლია გარკვეული მედიაციის ფუნქციაც შევასრულოთ. სტუდენტებთან, სახელმწიფო უწყებებთან და უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან კომუნიკაციას გავაგრძელებთ, რადგან აქ საუბარია განათლების უფლებაზე, რომლითაც ვერ სარგებლობს ათასობით სტუდენტი“, — განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
სახალხო დამცველთან შეხვედრის შემდეგ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის პოზიცია და შეხვედრის დეტალები თსუ კანცლერმა განმარტა. მისი თქმით, რექტორის არჩევის წესის ცვლილება ერთი კონკრეტული უმაღლესი სასწავლებლის კომპეტენციას არ წარმოადგენს, რადგან „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონით რეგულირდება, რომელსაც საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს. კანცლერმა აღნიშნა, რომ სტუდენტებთან კომუნიკაცია ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს და მათგან შემხვედრი ნაბიჯის შემთხვევაში როგორც რექტორი, ასევე, თსუ ადმინისტრაციის ნებისმიერი წარმომადგენელი მზად არის კონსტრუქციულ ფორმატში მოლაპარაკებებისთვის.
„სახალხო დამცველთან და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან ვისაუბრეთ იმ პრობლემატიკაზე, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბოლო პერიოდში წარმოიქმნა — პროტესტის საკითხებთან დაკავშირებით, ძალადობრივ ქმედებებზე და ნათლად აღვნიშნეთ, რომ სტუდენტებთან კომუნიკაცია არ შეგვიწყვეტია და ყოველდღიურად მიმდინარეობს. არაერთხელ შევთავაზეთ სტუდენტებს რექტორატის დატოვება, შეხვედრები რექტორთან, ადმინისტრაციასთან და ველოდებით სტუდენტებისგან შესაბამის ნაბიჯებს. ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით მზად ვართ შევხვდეთ სტუდენტებს და ვესაუბროთ. ქალბატონმა ნინომ მოისმინა ჩვენი მოსაზრებები და გვთხოვა სტუდენტებთან კომუნიკაციის გაგრძელება. მინდა აღვნიშნო, რომ სტუდენტებთან კომუნიკაციის პრობლემა არ დგას, პროტესტის მონაწილე ბევრი სტუდენტი მეგობრობს ადმინისტრაციის თანამშრომლებთან და წუხან იმ ძალადობრივ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც პარასკევს მოხდა. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ დღესაც პროტესტის მონაწილე სტუდენტები არ აძლევენ რექტორატის თანამშრომლებს მუშაობის გაგრძელების საშუალებას. ამ ფორმით პროტესტის გაგრძელება, ალბათ, არავისთვის არ არის მისაღები, ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სტუდენტებს, დატოვონ რექტორატი, დავივიწყოთ ის ძალადობრივი ფაქტები, რაც მოხდა, ათვლის წერტილად ავიღოთ დღევანდელი დღე და კონსტრუქციულ ფორმატში გავაგრძელოთ საუბარი. გადავჭრათ ის პრობლემები, რომელიც არა მხოლოდ სტუდენტებს, არამედ მთლიანად საუნივერსიტეტო საზოგადოებას აწუხებს“, — განაცხადა ლაშა საღინაძემ.
თსუ კანცლერის ინფორმაციით, ამ დროისთვის ლისის სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში ათეულობით თავისუფალი ადგილია, რომლით სარგებლობაც სტუდენტებს ფინალური გამოცდების პერიოდში უფასოდ შეუძლიათ. ლაშა საღინაძემ ასევე აღნიშნა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბაგების სტუდენტური საერთო საცხოვრებლის ნაცვლად, ახალი შენობის აშენებას უნივერსიტეტის ქუჩაზე, თსუ მაღლივი კორპუსის ტერიტორიაზე გეგმავს.
„მე ვფიქრობ, რომ სტუდენტებთან კომუნიკაცია კიდევ უფრო უნდა გაფართოვდეს და პრობლემები, რომელიც მათ აწუხებთ, გადაიჭრას. ქვეყანაში ბევრი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემა დგას, პროტესტის მონაწილე სტუდენტები არ აყენებენ ისეთ პრობლემებს, რომლის გადაჭრაც შეუძლებელია. ერთადერთი საკითხი, რაზეც ჩვენ არ შეგვიძლია გადაწყვეტილების მიღება, ეს არის სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა ყველა უნივერსიტეტისთვის. თსუ ფიზიკურად ამას ვერ შეძლებს, მაგრამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ახალი საერთო საცხოვრებლის აშენებას ვგეგმავთ“, — აღნიშნა თსუ კანცლერმა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ასევე მზად ყოფნა გამოთქვა სტუდენტებთან რექტორის არჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე საპარლამენტო კომიტეტის ჩართულობით.
„რექტორის არჩევის წესს უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონი განსაზღვრავს, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს პარლამენტის მიერ და აღნიშნული რეგულაცია ეხება საქართველოში მოქმედ ათეულობით უმაღლეს სასწავლებელს. შესაბამისად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამ წესის შეცვლა შეუძლებელია. თუმცა, ამ საკითხთან დაკავშირებითაც შეგვიძლია საპარლამენტო კომიტეტთანაც საუბარი, რექტორი მზად ყოფნას გამოთქვამს. უბრალოდ ერთი უნივერსიტეტის ფარგლებში ამ საკითხის გადაჭრა შეუძლებელია“, — განმარტა ლაშა საღინაძემ.
პროტესტის მონაწილე სტუდენტები იმედოვნებენ, რომ სახალხო დამცველი მათი პროტესტის ღირსეულად წარმართვაში დაეხმარებათ.
სტუდენტები ამ დრომდე ითხოვენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან შეხვედრას. შეხვედრის თაობაზე მოთხოვნა გაგზავნილია, სტუდენტები პასუხის მოლოდინში არიან.
„ჩვენს მოთხოვნებს ასევე წინ უდგას ის, რომ ვითხოვთ ბატონ მიხეილ ჩხენკელთან შეხვედრას, რადგან სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა, სოციალური პრობლემები, უნივერსიტეტის დაფინანსების საკითხები პირდაპირ კავშირშია განათლების სამინისტროსთან. შეხვედრის შემდეგ, თუ დავინახავთ მზაობას, რომ მინისტრი პრობლემების მოგვარებაში დაგვეხმარება, ჩვენ დავტოვებთ რექტორატს. თსუ-ს ახსოვს ბატონი მიხეილ ჩხენკელის პრორექტორობა და ახსოვს ის, რომ ყოველთვის უსმენდა სტუდენტებს, ამიტომ ჩვენ დღეს გვაქვს იმედი, რომ მოუსმენს სტუდენტებს და გაითვალისწინებს ჩვენს მოთხოვნებს“, — აღნიშნა ეკატერინე მაისურაძემ.
„ჩვენ თსუ ადმინისტრაციასთან, რექტორთან და განათლების მინისტრთან კომუნიკაციის შემდეგ გადავწყვეტთ — დავტოვებთ თუ რა რექტორატს. ორჯერ მოვუწოდეთ მიხეილ ჩხენკელს, რომ მოსულიყო. ჩვენი მიზანი აქ ყოფნა არ არის, ჩვენი მიზანია ლეგიტიმური მოთხოვნები შესრულდეს. წინასწარ ვერ გეტყვით, თუმცა, თუ მინისტრი არ შეგვხვდება, მაშინ მასშტაბური საპროტესტო აქცია სამინისტროსთან გადაინაცვლებს“, — განაცხადა სოფო მოლაშხიამ.
„ბრძოლა განათლებისთვის“ წევრმა სტუდენტებმა საქართველოს სახალხო დამცველთან რექტორატში შეჭრის ძალადობრივი ქმედებებიც განიხილეს.
„ნინო ლომჯარიასთან ყველა საკითხზე ვიმსჯელეთ, მათ შორის, პარასკევის მოვლენებზეც. ჩვენ ბევრჯერ ავხსენით, რომ ეს ძალადობა გამოწვეული იყო ამდენი ხნის განმავლობაში უნივერსიტეტის მხრიდან ჩვენი მოთხოვნების გაუთვალისწინებლობით. იყო გადაცდომა, საჯაროდ ბოდიშიც მოვიხადეთ“, — განმარტეს სტუდენტებმა.
სტუდენტმა სოფო მოლაშხიამ მოძრაობა დატოვა
„ბრძოლა განათლებისთვის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა სოფო მოლაშხიამ მოძრაობა დატოვა. სტუდენტი სოციალურ ქსელში საჯარო პოსტს აქვეყნებს და გადაწყვეტილების მიღების მიზეზებს განმარტავს.
„ვტოვებ მოძრაობას „ბრძოლა განათლებისთვის” სუბიექტური მიზეზების გამო. ვემიჯნები ამჟამად მიმდინარე პროცესებს და დარჩენილ მოძრაობის წევრებს ვუსურვებ წარმატებებს, იმედს ვიტოვებ, რომ ისინი ღირსეულად გააგრძელებენ იმ პროცესებს, რისთვისაც თავდაპირველად გულწრფელად დავიწყეთ ბრძოლა.
ჩემი მოსაზრებით ახლა მიმდინარე პროცესებმა გადაინაცვლა იმ ფაზაში, რომ ის გაცდა თავდაპირველ მიზნებს, რისთვისაც პირადად მე ჩავერთე ამ პროცესებში. ჩემი, როგორც სხვა მოძრაობის წევრების მიზანი იყო, რომ არცერთი სტუდენტი არ დარჩენილიყო განათლების პროცესს მიღმა.
მე, როგორც ამ მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ორგანიზატორი, ვიღებ ჩემს წილ პასუხისმგებლობას აქამდე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მე ხშირად გამოვსულვარ მოძრაობის სახელით და გამიკეთებია არა პიროვნული, არამედ საერთო განცხადებები, რომლებიც მიღებული იყო სტუდენთა უმრავლესობის მიერ.
მე მხარს ვუჭერ მოძრაობის მიერ აქამდე გაცხადებულ მოთხოვნებს:
- აშენდეს ღირსეული საერთო საცხოვრებელი
- ფინანსური გამჭვირვალობა
- საგამოცდო ფორმატის ცვლილება
- სტუდენტი და ლექტორები იყვნენ პრიორიტეტი
- შეწყდეს ეთიკის კომისიის გამოყენება სტუდენტებისა და ლექტორების რეპრესიის მიზნით.
მე მზად ვარ ყოველთვის ვიდგე სამართლიანობის გვერდით, მივესალმები ჯანსაღ კომუნიკაციას და სოლიდარობას ვუცხადებ ყველა სისტემის ჩაგრულ სტუდენტს!
ჩვენი მოძრაობის მიღწევა არის შემდეგი და ბედნიერი ვარ, რომ ამის ნაწილი ვიყავი
- დაინერგა ჰიბრიდული სწავლება უნივერსიტეტის რესურსების შესაბამისად.
- გაიხსნა ლისის საერთო საცხოვრებლის მე-3კორპუსი!
- დაემატა საგამოცდო ცენტრები ქუთაისსა და ახალციხეში.
- საგამოცდო პერიოდში საცხოვრებლები იქნება უფასო.
უბრალოდ, ბოლოს მომხდარმა მოვლენებმა გადაფარა ის მცირე თუ დიდი მიღწევები, რასაც მივაღწიეთ და აუცილებელია საზოგადოებამ არ დაივიწყოს ის ჯანსაღი, არამართული და გულწრფელი სტუდენტური პროსტესტი.
თუ ჩემი მხრიდან იყო რაიმე სახის გადაცდომა, რაც განაპირობა ემოციურმა ფონმა, ვიხდი ბოდიშს! მაგრამ არ ვაგრძელებ ვიყო იმ მოძრაობის ნაწილი, რომელშიც უკვე გარეშე პირები ცდილობენ ჩარევას და პროცესებში აქტიურად ჩართვას!“, — აცხადებს სტუდენტი და არ მალავს, რომ მისი მისამართით პოლიტიკურ ორიენტაციასთან დაკავშირებით ბრალდებები გაჟღერდა.
მოძრაობა „ბრძოლა განათლებისთვის“ მოთხოვნები
მოძრაობა „ბრძოლა განათლებისთვის“ სოფო მოლაშხიას გაერთიანებიდან წასვლას საჯარო განცხადებით ეხმაურება:
„ჩვენი მოძრაობის — „ბრძოლა განთლებისთვის“ სახელით ვეხმაურებით მოძრაობის ერთ-ერთი ყოფილი წევრის განცხადებას/პოსტს და გვსურს კიდევ ერთხელ დავაზუსტოთ მნიშვნელოვანი საკითხი. უპირველესად აღვნიშნოთ, რომ ეს პოსტი მიზნად არ ისახავს ვინმესადმი ნეგატიური დამოკიდებულების გამოწვევას, რამდენადაც ჩვენ ვიბრძვით თავისუფალი აზრისათვის!
ჩვენი მოძრაობა ეფუძნება ფუნდამენტურ პრობლემებს, რომლებიც საყოველთაოდ არაერთ სტუდენტს აწუხებს. შესაბამისად, ამ დროის განმავლობაში დაუღალავად ვიბრძვით განათლებისთვის, სამართლიანობისა და თანასწორობისათვის. რა თქმა უნდა, არ ვზღუდავთ პოლიტიკური შეხედულებებისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა ჩვენი მიზნებიდან გამომდინარე კრიტიკულად აუცილებელია პარტიული სახეებისაგან დამოუკიდებლად საკუთარი უფლებებისათვის ბრძოლა.
ჩვენ პატივს ვცემთ ინდივიდუალიზმს და ვიაზრებთ, რომ ისეთ მრავალფეროვან სივრცეში, როგორსაც სტუდენტების თავშეყრის ადგილი წარმოადგენს, ლოგიკურია აზრთა სხვადასხვაობა და განსხვავებული პოზიციის არსებობა. თუმცა, გუნდურობა და ერთობლივი ძალისხმევით მიზნებისკენ სწრაფვა იმაზე მეტი მნიშვნელობის მატარებელია, ვიდრე სუბიექტური, ურყევი პოზიციის დაფიქსირება და გაუცხოებული დამოკიდებულება. შესაბამისად, ჩვენს გაერთიანებას საფუძვლად დემოკრატია უდევს და ცხადია, დემოკრატიულ საზოგადოებაში თითოეულის აზრს ვცემთ პატივს და გადაწყვეტილებების მიღება უმრავლესობის მეშვეობით ხდება.
როგორც ცვლილებებისკენ მიდრეკილი სტუდენტური მოძრაობა, ჩვენი ნაბიჯების რაციონალურობის შეფასება, პირველ ყოვლისა, ჩვენი მოვალეობა და პასუხისმგებლობაა. აქედან გამომდინარე, სამომავლო აქტივობებისა და სამოქმედო გეგმის განსაზღვრა უპირველესად ჩვენს, საერთო მიზნის მქონე აქტიური სტუდენტების, კომპეტენციას წარმოადგენს და ეს ყოველივე გარეშე პირების, კერძოდ, საეჭვო მიზნების მქონე პარტიასთან ასოცირებული სუბიექტების ჩარევას არ საჭიროებს. ამიტომ, ჩვენი წილი პასუხისმგებლობის გააზრება, მოვლენების საფუძვლიანი შესწავლა და ჯანსაღი კრიტიკა საერთო სურათის დანახვაში დაგვეხმარება.
ჩვენი გუნდი აფასებს თითოეული თქვენგანის შრომას, მონდომებასა და მხარდაჭერას. ვინაიდან, ასეთ ქაოსურ სიტუაციაში ერთობლივი მუშაობა აუცილებელია კონსესუსამდე მისვლის გზაზე. ჩვენი აქტიურობაა ის, რაც შედეგს გამოიღებს.
მადლობას ვუხდით ჩვენს ყოველ მხარდამჭერს! საერთო ჭეშმარიტი მიზნისათვის გაერთიანებულ ადამიანებს ვერასდროს დაამრაცხებს ბიუროკრატთა ძალაუფლების სურვილი!
აქვე მინდა შეგახსენოთ ჩვენი მოთხოვნები:
- აშენდეს სტუდენტური საცხოვრებელი, რომელიც დააკამყოფილებს ყოველი უნივერსიტეტის სტუდენტთა მოთხოვნებს!
- ჩატარდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიუჯეტის სრული აუდიტი, გამოვლინდეს ყოველი შესაძლო გადაცდომა, პასუხისმგებელი ადამიანები წარსდგნენ კანონის წინაშე, ხოლო ბიუჯეტის თანხები წარიმართოს სწორი მიმართულებით!
- შეიცვალოს რექტორის არჩევის წესი, გახდეს დემოკრატიული და ყოველი ლექტორისათვის ხელშესახები!
- შეიცვალოს ფინალური გამოცდების ფორმატი!
- მოვითხოვთ განათლების მინისტრთან, ბატონ მიხეილ ჩხნეკელთან შეხვედრას!
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს დღესდღეობით ირჩევს აკადემიური საბჭო, რომელიც შედგება 38 წევრისაგან, ლექტორებს კი არ შეუძლიათ პირდაპირი წესით ამ პროცესში მონაწილეობა, რაც ქმნის არადემოკრატიული გარემოს შექმნის საფუძვლიან ეჭვს! საინტერესოა, რომ რექტორის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი ირჩევა დემოკრატიულთან გაცილებით უფრო მიახლოებული, პირდაპირი წესით!
ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნათა დაკმაყოფილებისაკენ სერიოზული, კომპლექსური ნაბიჯების გადადგმის გარეშე ჩვენ არ დავტოვებთ 109-ე აუდიტორიას („რექტორის კაბინეტი“)!
ჩვენ მზად ვართ დიალოგისათვის, თქვენ?“