„ღეროვანი უჯრედები და ნერვული სისტემა“ – ზაალ კოკაიამ თსუ-ში საჯარო ლექცია წაიკითხა
შვედეთში მოღვაწე ქართველმა მეცნიერმა, თსუ-სა და ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორმა, ღეროვანი უჯრედების ცენტრის დირექტორმა ზაალ კოკაიამ სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია — „ღეროვანი უჯრედები და ნერვული სისტემა“ — წაიკითხა. ზაალ კოკაიამ „მომავალის თერაპიის“ სახელით ცნობილი მკურნალობის მეთოდის შესამუშავებლად არსებული და მიმდინარე კვლევების შესახებ ისაუბრა და სტუდენტების კითხვებს უპასუხა.
„ვეცადე წარმომეჩინა, თუ რამდენად კომპლექსური და ინტერდისციპლინურია თანამედროვე კვლევები. ბიოსამედიცინო დარგში სხვადასხვა სპეციალობის ექსპერტები ერთიანდებიან, იქმნება ტრანსლაციური კვლევითი პროექტები, რაც გარკვეულ მეთოდოლოგიურ ტექნოლოგიას უდებს საფუძველს, რომელიც შემდეგ კლინიკებში ინერგება. უშუალოდ ჩემი კვლევები დაკავშირებულია ნევროლოგიასთან და ღეროვან უჯრედებთან, ვიკვლევთ მის შესაძლო გამოყენებას სამედიცინო პრაქტიკაში, რაც, რა თქმა უნდა, მომავლის თერაპიაა, მაგრამ საბაზისო კვლევები მიმდინარეობს. ტვინის ინსულტი ძალიან გავრცელებული დაავადებაა, ამ დროს ტვინში, სხვადასხვა მიზეზის გამო, სისხლით მომარაგება ქვეითდება და ტვინის გარკვეული უბნები იღუპება. ამის აღდგენა ნაწილობრივ ხდება სპონტანურად. ჩვენი მიზანია ღეროვანი უჯრედების დახმარებით ეს პროცესი გავაძლიეროთ, რათა პაციენტის ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდეს“, — განაცხადა ზაალ კოკაიამ.
ზაალ კოკაიამ ლექციაზე ლუნდის ღეროვანი უჯრედების ცენტრში მიმდინარე კვლევებთან ერთად ასევე განმარტა, რომ ამ დროისთვის, ნევროლოგიის მიმართულებით, ღეროვანი უჯრედებით მკურნალობის მეთოდიკა მსოფლიოს არცერთ კლინიკაში დანერგილი არ არის.
„რეალურად კლინიკურად ჯერ არაფერი არ გამოიყენება, ნერვულ სისტემასთან დაკავშირებით არ არსებობს დასაბუთებული და დანერგილი უსაფრთხო მეთოდი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას კლინიკური დაავადებების დროს. შეიძლება გსმენიათ — პოპულარულია ჭიპლარის ღეროვანი უჯრედების შეგროვება… ეს საქართველოშიც ხდება. ხშირად მომმართავენ კითხვით, რომ ბევრი კლინიკა ირწმუნება, რომ ნებისმიერ დაავადებას, მათ შორის, ნევროლოგიურ დაავადებებსაც ამ მეთოდით კურნავენ. ეს ყველაფერი არის, მეტწილად, დაუსაბუთებელი, კლინიკურად დაუდასტურებელი მონაცემები და 99,9% დასრულდება ყოველგვარი შედეგის გარეშე. ერთადერთი შედეგი შეიძლება იყოს პლაცებოს ეფექტი, რაც მალე გაივლის. დაზუსტებით არავინ იცის, თუ რა უჯრედებს ნერგავენ და რა მეთოდით. ხშირ შემთხვევაში მსგავსი განცხადებების უკან მხოლოდ კომერციული ინტერესები დგას, შესაბამისად, აუცილებელია, რომ არა მხოლოდ ექიმებმა, ბიოლოგებმაც გავითავისოთ პრინციპი — „არ ავნო, თუ ვერ კურნავ…“ — განაცხადა ზაალ კოკაიამ.
საჯარო ლექცია „ახალგაზრდა ბიოლოგთა ასოციაციის“ პროექტის „SciTalks“ ფარგლებში გაიმართა. პროექტი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების გარშემო დისკუსიის გამართვას და ინფორმაციის გაცვლას ისახავს მიზნად.
„ჩვენი ორგანიზაციის მიზანია, რომ მოვიწვიოთ ცნობილი მეცნიერები და სტუდენტებს საშუალება მივცეთ, პირადად მათგან მოისმინონ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით მიმდინარე უახლესი კვლევების შედეგები“, — აღნიშნა „ახალგაზრდა ბიოლოგთა ასოციაციის“ წევრმა თინათინ ჯანჯალაშვილმა.
„ამ პროექტის ფარგლებში სტუდენტები ვისმენთ ისეთი დონის ლექციებს, როგორიც, მაგალითად, ტარდება ლუნდის უნივერსიტეტში და, რაც მთავარია, საშუალება გვაქვს ლექცია წარიმართოს ინტერაქციულ რეჟიმში“, — აღნიშნა ზუკა დარჯანიამ.
ზაალ კოკაიას საჯარო ლექცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 27 ივნისს გაიმართა.