უნივერსიტეტი ხელს შეუწყობს ყველა სტუდენტის საგამოცდო პროცესში ჩართულობას
„უნივერსიტეტი ხელს შეუწყობს უკლებლივ ყველა სტუდენტის საგამოცდო პროცესში ჩართულობას“, — აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ 5 ივნისს გადაცემაში „იმედი LIVE“.
გადაცემაში რექტორმა ისაუბრა სტუდენტთა ერთი ჯგუფის პროტესტის შესახებ და აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ თებერვალში სტუდენტთა სხვა ჯგუფი ითხოვდა სწავლის სააუდიტორიო რეჟიმში აღდგენას. თუმცა, მაშინ უნივერსიტეტმა გადაწყვიტა, რომ სააუდიტორიო სწავლებას მაისიდან დაიწყებდა.
„ამის შემდეგ სტუდენტებს ჰქონდათ ობიექტური პრობლემა ბინების გაძვირებასთან დაკავშირებით. ჩვენთვის გასაგები იყო ეს პრობლემა და უნივერსიტეტმა, ერთი მხრივ, სწავლა გააგრძელა შერეულ ფორმატში და, მეორე მხრივ, გაგრძელდა მიღება სტუდენტურ საერთო საცხოვრებლებში. აღმოჩნდა, რომ მიუხედავად მძიმე ფონისა, მსურველების რაოდენობა არ იყო იმდენი, რამდენსაც მოველოდით და საერთო საცხოვრებლებში — მათ შორის, ლისის საერთო საცხოვრებელში, რომელიც ახალი აშენებულია, ადგილები დღემდე თავისუფალია’’, — განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.
თსუ რექტორის თქმით, უნივერსიტეტი ხელს შეუწყობს უკლებლივ ყველა სტუდენტის საგამოცდო პროცესში ჩართულობას. თსუ-მ კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგა. კერძოდ, იმ სტუდენტთა მხარდასაჭერად, რომლებიც გამოცდებისთვის ვერ ახერხებენ თბილისში ჩამოსვლას, დამატებით ორი საგამოცდო ცენტრი გაიხსნება — ქუთაისსა და ახალციხეში. „გარდა ამისა, თუ რომელიმე სტუდენტს, რეგიონული საგამოცდო ცენტრების ამოქმედების მიუხედავად, დამატებით რაიმე კონკრეტული გარემოება შეუქმნის დაბრკოლებას დასწრებით ფორმატში გამოცდაზე გამოცხადებასთან დაკავშირებით, ეს შემთხვევები ინდივიდუალურად განიხილება შესაბამისი ფაკულტეტის ადმინისტრაციის მიერ. ვფიქრობთ, უნივერსიტეტის მიერ უზრუნველყოფილი ეს შესაძლებლობები თითოეული სტუდენტის საგამოცდო პროცესში ჩართულობას უზრუნველყოფს“, — განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.
რექტორის განცხადებით, თუ სტუდენტს შეუძლია თბილისში ჩამოსვლა, მაგრამ აქვს საცხოვრებლის პრობლემა, უნივერსიტეტი მათ საგამოცდო პერიოდში უფასოდ სთავაზობს სტუდენტურ საცხოვრებელს; ამ პერიოდში საერთო საცხოვრებლით უფასოდ ისარგებლებენ ის სტუდენტებიც, რომლებიც ამჟამადაც ცხოვრობენ საერთო საცხოვრებელში. ლისის სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში, რომელიც 320-ადგილიანია, დღემდეა თავისუფალი ადგილები. ამჟამად, ორივე საერთო საცხოვრებელში ათობით ვაკანტური ადგილია, ამიტომ საცხოვრებლის პრობლემა მოგვარებადია.
„ხოლო მათ — ვისაც რაიმე სხვა სახის პრობლემა აქვთ, უნდა მიმართონ თავიანთი ფაკულტეტის ადმინისტრაციას, რომელიც ინდივიდუალურად განიხილავს ყოველ შემთხვევას. ასეთი სტუდენტები მიიღებენ ინდივიდუალურ მხარდაჭერას უნივერსიტეტისგან მათი კონკრეტული საჭიროების შესაბამისად’’, — აღნიშნა თსუ-ის რექტორმა.
სტუდენტური მოძრაობა „ბრძოლა განათლებისთვის“ წევრი სოფო მოლაშხია ჩვენთან საუბარში განმარტავს: „ჩვენ არ ვემხრობით რექტორის გადაწყვეტილებასა და მის ზოგად ნათქვამს, რადგანაც ეს არის ჩვენთვის დამამცირებელი. სულ გახსნილი არის ორი საგამოცდო ცენტრი ახალციხესა და ქუთაისში. ისინი არ განიხილავენ, რომ დაამატონ სხვა საგამოცდო ცენტრები. ჩვენ აქამდეც ვითხოვდით, მაგრამ, როგორც იცით, აკადემიურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მხოლოდ ეს ორი საგამოცდო ცენტრი გაიხსნას რეგიონებში. რექტორის მიერ ჩვენი დამცირების გამო დღის წესრიგში დადგა ახალი მოთხოვნა — გადადგეს ბატონი გიორგი შარვაშიძე და მოვიდეს უნივერსიტეტში ისეთი რექტორი, რომელსაც ექნება სტუდენტებთან უშუალო კავშირი. ის, რომ ინიდივიდუალად განიხილავენ სტუდენტების პრობლემას, არ არის მისაღები. ეს უნდა იყოს საყოველთაო და არა — ინდივიდუალური, რადგან ვიღაცა შეიძლება ვერც ახერხდებდეს მიწეროს უნივერსიტეტს ან მისთვის ეს ინფორმაცია არ იყოს ხელმისაწვდომი, ამიტომ კარგი იქნება, თუ საყოველთაოდ დაეხმარებიან სტუდენტებს და თანაბარ პირობებში ამყოფებენ“.
თსუ-ის სტუდენტური მოძრაობა „ბრძოლა განათლებისთვის“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოსა და თსუ-ის რექტორის პოზიციის პასუხად სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, მოთხოვნებს აახლებს და საპროტესტო აქციებს აგრძელებს.