სტუდენტთა სხვა ჯგუფი მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს შეხვედრისკენ მოუწოდებს
სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობისა და დასაქმებული სტუდენტების შრომითი უფლებების დაცვის მიზნით თსუ სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფი განცხადებას ავრცელებს და განათლებისა და მეცნიერების მინიტრს მიხეილ ჩხენკელს სტუდენტებთან შეხვედრისკენ მოუწოდებს.
„მიგვაჩნია, რომ დღეს სტუდენტების ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა საერთო საცხოვრებლების სიმცირეა. ჩვენი სოციალური პრობლემების გამოსწორების გზა კი სწორედ სტუდენტთა საცხოვრებლებით უზრუნველყოფაა. ეს პრობლემა ვერ მოგვარდება მხოლოდ ერთი რომელიმე უნივერსიტეტის რესურსით. მასშტაბური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოვალეობაა. სამწუხაროა, რომ რამდენიმე საჯარო მიმართვის მიუხედავად, მინისტრი მიხეილ ჩხენკელი დღემდე არ გვხვდება. მძიმე სოციალური ვითარების ფონზე, ვფიქრობთ, დღეს ისე, როგორც არასდროს, საჭიროა სტუდენტური ძალების კონსოლიდაცია, ამიტომ მოვუწოდებთ სხვადასხვა სტუდენტურ ჯგუფებს, რომ შემოგვიერთდნენ აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად. ასევე მოვუწოდებთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, სხვა უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელებს, საქართველოს მთავრობას — მხარი დაგვიჭირონ და ჩაერთონ სტუდენტთა უმთავრესი პრობლემების უზრუნველყოფის პროცესში. საერთო საცხოვრებლების საკითხის პარალელურად, ჩვენი ჯგუფი აქტიურად გააგრძელებს მუშაობას დასაქმებული სტუდენტების უფლებათა დასაცავად. მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტის უფლებები დასაქმების პროცესში კანონით იყოს განსაზღვრული და დამსაქმებელმა გაითვალისწინოს სტუდენტური სტატუსი თუ სწავლა-სწავლების პროცესთან დაკავშირებული გამოწვევები/საჭიროებები. ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინიციატივით, თუმცა მუშაობის გაგრძელება და დასაქმებულ სტუდენტთა უფლებების საკანონმდებლო დონეზე დარეგულირება აუცილებელი და საშური საქმეა,“ — განმარტავს თსუ სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი ელენე წოწონავა.