საქართველოში თავის ტვინის ტრავმული დაზიანების ზედამხედველობის გაზრდის მიზნით პირველი სამეცნიერო კვლევა განხორციელდა
ნატო ობოლაძე
თავის ტვინის ტრავმული დაზიანება მსოფლიოს ყველა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისათვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს, თუმცა აღიარებულია, რომ ის განსაკუთრებით აქტუალური დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებშია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, სპეციალისტები თავის ტვინის ტრავმული დაზიანების გლობალური ტვირთის მნიშვნელოვან ზრდას, მომავალი ათწლეულების განმავლობაში, დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში პროგნოზირებენ.
თავის ტვინის დაზიანების ზედამხედველობის გაზრდის მიზნით საქართველოში 2017 წლიდან 2 საერთაშორისო პროექტი ხორციელდება — „კვლევის მოცულობის გაზრდა აღმოსავლეთ ევროპაში“ და „საერთაშორისო თანამშრომლობა ევროპაში თავის ტვინის ტრავმული დაზიანების ზედამხედველობის გაზრდის მიზნით“. ორივე პროექტის საერთაშორისო კოორდინატორია აიოვას უნივერსიტეტის პროფესორი კორინ პიკასა. საქართველოში პროექტებს კოორდინაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის პროფესორი ნინო ჩიხლაძე უწევს. რუმინეთში — ბაბეშ-ბოლიაის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი დაიანა დალფი. ორივე მათგანს აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (US National Institutes of Health) ფოგარტის საერთაშორისო ცენტრი აფინანსებს.
„ერთ-ერთი პროექტი — „საერთაშორისო თანამშრომლობა ევროპაში თავის ტვინის ტრავმული დაზიანების ზედამხედველობის გაზრდის მიზნით“, რომელიც მიზნად ისახავდა თავის ტვინის ტრავმული დაზიანების მონაცემებზე კვლევების განხორციელებას სამ პარტნიორ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, სომხეთსა და მოლდოვაში, უკვე დასრულდა. პროექტის ფარგლებში საქართველოში შესრულდა რამდენიმე კომპონენტიანი კვლევა და ჩატარდა როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი კვლევა. რეტროსპექტულად შესწავლილი იქნა თავის ტვინის ტრავმული დაზიანებით ჰოსპიტალიზაციის 2015-2020 წლების ზოგადი ტენდენციები, რის საფუძველზე გამოვლინდა მაღალი მიმართვიანობის კლინიკები. კვლევის აღნიშნულ კომპონენტში გამოყენებული იქნა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოფიციალური მონაცემები. მომდევნო ეტაპზე თავის ტვინის ტრავმული დაზიანებით მაღალი მიმართვიანობის ორ ჰოსპიტალში 2018 წლის 1 აგვისტოდან — 31 ოქტომბრამდე ჩატარდა რეტროსპექტული რაოდენობრივი კვლევა, ხოლო 2019 წლის 1 მარტიდან 31 აგვისტომდე — პროსპექტული კვლევა.
თავის ტვინის ტრავმული დაზიანების რეგისტრის შემუშავებისათვის გამოყენებული იქნა საერთაშორისო პროექტის ფარგლებში შემუშავებული კითხვარი. კვლევის შედეგად შესწავლილი იქნა თავის ტვინის ტრავმული დაზიანების 70-ზე მეტი ცვლადი. რაოდენობრივი კვლევის ეტაპზე მეტად მნიშვნელოვანი შედეგები იქნა მიღებული საქართველოში თავის ტვინის ტრავმული დაზიანების ეპიდემიოლოგიური მახასიათებლების შესახებ, რაც შესაძლებელია გამოყენებული იქნას, როგორც თავის ტვინის ტრავმული დაზიანების რეგისტრის შემუშავების ჩარჩო. ამის გარდა, კვლევის შედეგებმა გამოკვეთეს კვლევის ხარისხის გაუმჯობესების კონკრეტული მიმართულებები.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა ასევე თვისებრივი კვლევა, რომლის შედეგად ქვეყნის წამყვან სპეციალიზებულ კლინიკებშიც კი გამოვლინდა განსხვავებები თავის ტვინის ტრავმული დაზიანების მკურნალობისა და მართვის პროცესში. კვლევის შედეგად გამოიკვეთა ასევე პრობლემური საკითხები თავის ტვინის ტრავმული დაზიანების პრეჰოსპიტალური ტრიაჟის, ტრანსპორტირების და სარეაბილიტაციო მომსახურების ეტაპებზე, რაზეც უნდა გამახვილდეს ყურადღება თავის ტვინის ტრავმული დაზიანების მქონე პაციენტების სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების პერსპექტივაში,“ — განაცხადა ნინო ჩიხლაძემ.
პროექტში თსუ მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ეპიდემიოლოგიის სადოქტორო პროგრამისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები მონაწილეობდნენ. განხორციელებული კვლევის შედეგები აისახა დოქტორანტ ეკა ბურკაძის სადოქტორო ნაშრომში — „თავის ტვინის ტრავმული დაზიანების ეპიდემიოლოგიური მახასიათებლების შესწავლა თბილისის ორი ჰოსპიტლის მაგალითზე და ჯანდაცვის რესურსების შეფასება’’ (ხელმძღვანელი პროფ. ნინო ჩიხლაძე) და ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის საერთაშორისო სტუდენტის ფრედა ომიენიმი ჰალიდეის სამაგისტრო ნაშრომში — „A RETROSPECTIVE STUDY ON THE EPIDEMIOLOGY OF TRAUMATIC BRAIN INJURY IN GEORGIA’’.
პროექტში მონაწილე მკვლევრებმა კვლევის შედეგები ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებზე უკვე წარადგინეს. შედეგები ასევე გამოქვეყნებულია საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში, მათ შორის: 3,2 იმპაქტფაქტორიან ჟურნალში „Risk Management and Healthcare policy“.
პროექტში ჩართული მკვლევრები შედეგების გაზიარებას ჰოსპიტალური და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისთვისაც გეგმავენ.