ჟურნალის – ,,გზავნილი სამტრედიიდან” – პრეზენტაცია
შურთხია ბეროშვილი
14 მაისს ქალაქ სამტრედიაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებმა ჟურნალის — „გზავნილი სამტრედიიდან” — პრეზენტაცია გამართეს.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ სამტრედიის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და ჟურნალის რესპონდენტები. სტუდენტებმა პრეზენტაციისას ისაუბრეს სამტრედიაში გატარებულ დღეებზე, უშუალოდ ჟურნალზე მუშაობის პროცესზე, წარადგინეს გამორჩეული სტატიები.
სტუდენტებს და მოწვეულ სტუმრებს მიმართა თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა მანანა შამილიშვილმა, რომელმაც დამოუკიდებელი პროდუქტის შექმნისთვის გაწეული მუშაობა შეაფასა და აღნიშნა, რომ ამგვარი პრაქტიკა ხელს უწყობს მომავლი ჟურნალისტების დაოსტატებას და კვალიფიციურ კადრებად ჩამოყალიბებას.
„თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების ეპოქაში, როცა ყველაფრის სწავლა დისტანციურად გახდა შესაძლებელი, რესპონდენტებთან უშუალო ურთიერთობა, ინფორმაციის მოპოვება, მთავარი და მეორეხარისხოვანი ამბის გარჩევა, ჟურნალის დაგეგმვა და მისთვის საბოლოო პროდუქციის სახის მიცემა, ვფიქრობ, კარგი პრაქტიკა იყო ჩვენი სტუდენტებისთვის. მომავალმა ჟურნალისტებმა სტუდენტობიდანვე უნდა გაიარონ ყველა ის საფეხური, რომელიც ინფორმაციის მოპოვებიდან საბოლოო პროდუქციამდე მისვლას სჭირდება. ამ თვალსაზრისით „გზავნილი სამტრედიიდან“ ერთგვარი გამართლება გახლავთ, მით უფრო, რომ ის ჯერ კიდევ ინლაინ სწავლების პირობებში მომზადდა“, — განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა მაი ტორაძემ.
პრეზენტაციის პარალელურად გაიმართა ფოტო გამოფენა, რომელიც დამთვალიერებელს სტუდენტების თვალით დანახულ სამტრედიას აცნობდა.
პროექტი „გზავნილი“, რომელსაც ასოცირებული პროფესორი მაია ტორაძე ხელმძღვანელობს, საგან „ბეჭდური მედია პრაქტიკუმის“ ფარგლებში ხორციელდება. ათი წელია, თსუ-ის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონს სტუმრობენ, ადგილზე ეცნობიან ისტორიას, რეგიონისთვის დამახასიათებელ ტენდენციებს, არსებულ პრობლემებს და ქმნიან ჟურნალს, რომელიც მკითხველს გზავნილის სახით მიეწოდება. დღეისათვის თსუ-ის სტუდენტებმა 40-მდე ჟურნალი გამოსცეს.