ორენოვანი გამოცემა „განათლება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918–1921) დედაქალაქში“ მკვლევრებს ელის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის მერიის და საქართველოს ეროვნული არქივის თანამშრომლობით გამოიცა ორენოვანი წიგნი „განათლება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918–1921) დედაქალაქში,“ რომელიც დოკუმენტურად ასახავს იმ რეფორმებსა და ცვლილებებს, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის სამწლიან პერიოდში განხორციელდა.
მასში, გასული საუკუნის 20–იანი წლების პრესის მიხედვით, მოთხრობილია თბილისის სკოლების, უმაღლესი სასწავლებლების, სახალხო უნივერსიტეტისა და პროფესიული სკოლების ისტორია. ცალკე თავები ეთმობა პუბლიცისტიკასა და ოფიციალურ ქრონიკას.
შესავალში, რომელსაც თსუ–ის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი და გამოცემის მთავარი რედაქტორი ზურაბ გაიპარაშვილი აწერს ხელს, მიმოხილულია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ განხორციელებული განათლების რეფორმის პერიპეტიები გიორგი ლასხიშვილის (1918–1919), ნოე რამიშვილის (1919–1920) და გრიგოლ ლორთქიფანიძის (1920–1921) ხელმძღვანელობით, გამოკვეთილია ის გადაწყვეტილებები, რომელმაც დიდი მნიშვნელობა შეიძინა ქვეყნის განათლების სისტემის განვითარებაში. კერძოდ, ხაზგასმულია ღონისძიებები, რომელიც მოჰყვა 1918 წლის 1 ოქტომბერს პარლამენტის მიერ ქართული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადებას: ქართული ენის შემსწავლელი კურსების დაარსება; თბილისის სახლმწიფო უნივერსტეტის ჩართულობით, ეროვნულ ტერმინოლოგიაზე მუშაობა; არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის სახელმწიფო ენის შესწავლისა და განათლების ხელმისაწვდომობის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები; ქართველ მასწავლებელთა დაოსტატებისთვის შექმნილი კურსები და სხვ.
ქვეთავებში „ახალი ამბები“ და „უმაღლესი სასწავლებლები“, მოცემულია დოკუმენტური მასალა, რომელიც გაზეთებში „საქართველო“; „ალიონი“, „ერთობა“, „სახალხო საქმე“ და სხვ. უახლესი ინფორმაციის სახითაა გამოქვეყნებული. ინფორმაცია ეხება ახალი წიგნების გამოსვლის, პედაგოგიური კურსების გახსნის, სახელმძღვანელოების გამოცემისა და განხილვის, განათლების სამინისტროში მიმდინარე ამბების მიმოხილვას. ხშირია ინფორმაციები სხვადასხვა წიგნადი ფონდის საჭიროებისამებრ გადაცემის, სამუსიკო და პროფესიული სასწავლებლების მუშაობის შესახებ.
განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ქვეთავი „უნივერსიტეტი“, რომელშიც, უმაღლეს სასწავლებელში მიმდინარე ამბებთან ერთად, თავმოყრილია აკაკი ჩხენკელის, პეტრე მელიქიშვილისა და კათოლიკოს–პატრიარქ კირიონ II-ს სიტყვები 1918 წლის 26 იანვარს, უნივერსიტეტის გახსნის დღეს.
გამოცემაში უაღერესად საინტერესოდ იკითხება პუბლიცისტური წერილები, რომლებშიც ჩანს, რა პრობლემებზე ამახვილებდნენ ყურდღებას 1918–21 წლებში ქართველი საზოგადო მოღვაწეები. მაგალითად, წერილში „როგორ აღვადგინოთ სკოლა საქართველოში“, მ. ზაალიშვილი აღწერს განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებს და კითხულობს: „რას აკეთებენ მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები და მთავრობა? ზოგმა მასწავლებელმა „ამხანაგობა“ გამოუცხადა მოსწავლეებს და ამით უბრალო „ტიკინად“ გარდაიქცა მათ ხელში. „გაკვეთილის მაგიერ ზოგი „ამხანაგ–მასწავლებელი“ ლაპარაკში ატარებდა თურმე დროს და დარწმუნებული იყო, რომ რევოლუციას აღრმავებდა და სრულიად ფიქრში არ მოსდიოდა, თავისი ასეთი ქმედებით სკოლას ძირს უთხრიდა…. ჩვენს საზოგადოებას არ ესმის, რომ ის მასწავლებელი, რომელიც წლობით მხურვალე მონაწილეობას იღებს ყველა დაწესებულებაში, მასწავლებელი აღარ არის. ის არის საზოგადო მოღვაწე… ასეთი მოღვაწე–მასწავლებელი, ჩვენი დაკვირვებით და გამოცდილებით, თავის წმინდა მოვალეობს ვერ ასრულებს და არც შეუძლია შეასრულოს, რადგან მსაწავლებელი 25 წელიც რომ ერთსა და იმავე საგანს ასწავლიდეს, მაინც გაკვეთილის მისაცემად ყოველდღე უნდა ემზადებოდეს თუ, რასაკვირველია, არ გახდა უბრალო ხელოსანი და არ გაიზეპირა სახელმძღვანელო… კარგია, რასაკვირველია საზოგადო მოღვაწეობა, მაგრამ იმდენად, რამდენადაც ეს მოღვაწეობა არ დაუშლის მასწავლებელს, თავის უდიდეს მოვალეობას ასრულებდეს… იქნებ მკითხოთ, მშობლები რაღას აკეთებენ? – მშობლები მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, რომ მათი „გვრიტები“ ამ აუტანელ სიძვირეში კლასში არ ჩარჩნენ. თვალთ ხედავენ სკოლის დაქვეითებას, მაგრამ შვილების და რევოლუციონერ მასწავლებლების შიშით ხმას ვერ იღებენ,“– წერს მ. ზაალიშვილი გაზეთ „საქართველოში“ (1918 წლის 24 სექტემბერი, N176) და შემდეგ ნომერში გვთავაზობს მოსაზრებას, როგორ შეიძლება არსებული პრობლემების მოგვარება. მისი აზრით, „სკოლა უნდა იყოს მხოლოდ ტაძარი მეცნიერებისა, პოლიტიკას სრულებით ჩამოშორებული“, სკოლაში უნდა აღდგეს დისციპლინა და სამეცნიერო საგნების სწავლება სათანადო დონეზე მიმდინარეობდეს, გულგრილი, დისციპლინო მასწავლებელი დათხოვნილ უნდა იქნას სკოლიდან, სამინისტრო ფიქტიურდ უნდა ხელმძღვანელობდეს სკოლას, სამაგიეროდ ყურადღებით უნდა ეკიდებოდეს სახელმძღვანელოების ხარისხის საკითხს და ა.შ.
გარდა ამგვარი წერილებისა, ქვეთავში „პუბლიცისტიკა“ მოცემულია მასალები, რომლებშიც მსჯელობენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა, მაგალითად: „როგორ აღვადგინოთ სკოლა საქართველოში“, „სტუდენტები ჯარში“, „რუსული უნივერსიტეტის საკითხი საქართველოს პარლამენტში“, ქართული ენისა და საღვთო სჯულის სწავლების საკითხი, „სასკოლო ბიბლიოთეკა“, სასოფლო–სამეურნეო სწავლება, საყოველთაო სწავლება, კერძო გიმნაზიები და სხვ.
გამოქვეყნებულ მასალებს შორის არის კრიტიკული წერილები განათლების სამინტროს მუშაობის თაობაზე. მაგალითად, 1921 წლის 18 იანვარს გაზეთ „სახალხო საქმეში“ გამოქვეყნებულ მასალაში, რომელსაც ხელს აწერს „უცნობი ნაცნობი“, გაკრიტიკებულია მასწავლებელთა დელეგატების მეორე ყრილობაზე მიღებული რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება ვალდებულებას იღებდა სკოლების სათანადო რაოდენობით გახსნის და კეთილმიწყობის პროცესში მეტი ძალისხმევა გამოეჩინა, ხოლო პედაგოგებისთვის ხელი შეეწყოთ „უმწეო მდგომარეობიდან“ ამოსულიყვნენ. „ძველი ნაცნობი“ კი სკოლებისა და მასწავლებელის რაოდენობის გაზრდის ნაცვლად, ხარისხის გაუმჯობესებას უჭერს მხარს: „ჩვენ გვირჩევნია ნაკლები სკოლა გვქონდეს და მეტი სწავლა მოეფინოს ხალხს, ვიდრე სკოლები ქაღალდზე ინიშნებოდეს, აუარება ფულსა ნთქავდეს და ხალხისთვის თვალებში ნაცრის შეყრას წარმოადგენდეს“, წერს იგი.
გამოცემაში ასევე თავმოყრილი ოფიციალური ქრონიკები, რაც ისტორიკოსებისთვის უაღრესად საინტერესო საკვლევ მასალას წარმოადგენს.
ორენოვანი გამოცემა „განათლება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918–1921) დედაქალაქში“ მომზადებულია ქალაქ თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. მის შედგენაში მონაწილეობდნენ თსუ–ის ბიბლიოთეკის თანამშრომლები გვანცა ბოჭორიშვილი, თამარ კახეთელიძე, მანანა ლილუაშვილი, ქეთევან სამადაშვილი, თამარ ხეტაშვილი, ქეთევან ქუსიკაშვილი, გიორგი ჯავახიშვილი, მარიამ ებრალიძე, ნინო ებრალიძე, ნათია დვალი, მარინა ჭყონია, ნანა კაჭაბავა, თამარ გულბანი, ამირან ლაშხი, ანასტასია იათაშვილი.
6 ივლისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწორედ ამ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, თბილისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის კულტურის პროექტების და პროგრამების განყოფილების უფროსი ნინო სულაძე, თსუ ბიბლიოთეკის ხელძღვანელი ზურაბ გაიპარაშვილი, პროფესორ-მასწავლებლები, ამ პერიოდის ისტორიაზე მომუშავე მკვლევრები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
თსუ რექტორის, გიორგი შარვაშიძის ინფორმაციით, ეს არის პირველი გამოცემა, რომელიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის საგანმანათლებლო სისტემას ასახავს. „მკითხველს შესაძლებლობა აქვს, დამოუკიდებლობის მოკლე პერიოდში პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქში განათლების მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებს გაეცნოს. XX საუკუნის ქართული საგანმანათლებლო სისტემა, რომელშიც უზარმაზარი შრომაა ჩადებული, სათავეს სწორედ ამ დროიდან იღებს. შესაბამისად, ეს არის ძალიან საინტერესო ეპოქა, აღწერილია საინტერესო საკითხი, რომელზეც არაერთი ჯგუფი მუშაობდა,“ — განაცხადა თსუ რექტორმა.
ნინო სულაძის თქმით, გამოცემა საინტერესო იქნება ყველასთვის, ვისაც თბილისის ისტორია და იმდროინდელი განათლების საკითხები აინტერესებს. „თბილისის მერია უკვე რამდენიმე წელია ახორციელებს პროგრამას „შემოქმედებითი თბილისი,“ რომლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საგამომცემლო საქმიანობაა. თბილისის მერიამ დედაქალაქის განვითარების სხვადასხვა ეტაპის, ისტორიის, კულტურის ამსახველი არაერთი საინტერესო გამოცემა დააფინანსა. სწორედ ამ მიმართულების პროდუქტია ეს წიგნიც, რომელსაც თბილისის მერიამ მხარი დიდი სიამოვნებით დაუჭირა,“ — აღნიშნა მან.
გამოცემის და ზოგადად, 1918–21 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქის განათლების სისტემის შესახებ ცოდნის აუცილებლობაზე ისაუბრეს კრიტიკოსმა როსტომ ჩხეიძემ, ისტორიკოსებმა დიმიტრი შველიძემ და ოთარ ჯანელიძემ, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ორენოვანი გამოცემა უაღრესად საინტერესო მასალას შეიცავს მკვლევრებისა და დაინტერესებული საზოგადოებისთვის. წარმოიშვა იდეა, რომ მომავალში გაიმართოს დისკუსიები, რომელიც 1918–21 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რეფორმების საკითხებზე განსხვავებულ მოსაზრებებს და ხედვებს წარმოაჩენს.