ნიკა მუყასაშვილი მიხვდა, რომ წარმატების ფორმულა მხოლოდ საუნივერსიტეტო საქმიანობას არ მოიცავდა
მაია ტორაძე
ნიკა მუყასაშვილის ცხოვრება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ფაქტობრივად, შეცვალა. ის 2017 წელს ჩაირიცხა პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებაზე და რამდენიმეწლიანმა თავდაუზოგავმა შრომამ შედეგი მალევე გამოიღო – „Erasmus+“-ის გაცვლითი პროექტით სწავლა განაგრძო საფრანგეთში, ლილის უნივერსიტეტში. „გარდა იმისა, რომ ამ გაცვლითმა პროგრამამ პიროვნულად განმავითარა, მომცა შესაძლებლობა, გამეცნო მრავალი ადამიანი მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტიდან. ჩემი საუნივერსიტეტი ცხოვრება არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ და მხოლოდ ხშირად არაფრისმომცემი სილაბუსებითა და რიდერებით, რომელიც სტუდენტს ნიშნის მისაღებად უნდა წაეკითხა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური გრანტების საშუალებით, თანაკურსელებთან ერთად, დავაორგანიზე მრავალი პროექტი, მათ შორის სალექციო კურსი სტუდენტებისთვის“ – ამობობს ნიკა.
განხორციელებული პროექტებიდან ერთს განსაკუთრებით გამოარჩევს, ის ეხებოდა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ ელექტრონული პლატფორმის შექმნას, რომელიც მრავალი მეცნიერის ნაშრომს მოუყრიდა თავს. პროექტი წარმატებით განხორციელდა და მასზე მუშაობა ახლაც მიმდინარეობს. DRC.TSU.GЕ-ს აკრეფის შემთხვევაში, მკითხველს შეუძლია ესტუმროს პლატფორმას და გაიგოს მეტი საქართველოს ისტორიის შესახებ.
მრავალი კონფერენციისა და სამეცნიერო შეჯიბრის შემდეგ ნიკა მიხვდა, რომ წარმატების ფორმულა მხოლოდ საუნივერსიტეტო საქმიანობას არ მოიცავდა და გაცილებით მეტი უნდა გაეკეთებინა დამოუკიდებლად. „ამისთვის მსოფლიოს საუკეთესო პროგრამების სილაბუსებში ვეძებდი საინტერესო ნაშრომებს, ვიწერდი მეორეულ წიგნებს და ასე ვმუშაობდი საკუთარ თავზე. პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება უმაღლეს აკადემიურ მოსწრებაზე დავამთავრე, როგორც იტყვიან — წითელ დიპლომზე, ადრე საამაყო, ხოლო ახლა იმ ფარატინა დოკუმენტზე, რომელიც თურმე არც ცოდნის და არც სხვა წარმატებისთვის საჭირო თვისებებისა და ცოდნის რეპრეზენტაციას ახდენს. მიმართულების კომისიის მოწონება და უმაღლესი შეფასება დაიმსახურა საბაკალავრო ნაშრომმა, რომელიც ამერიკულ უნივერსიტეტშიც მომიწონეს. რამდენიმე დღე გავატარე დევნილებთან, ვნახე მათი საჭიროებები და მივხვდი, რომ ამ ხალხისთვის ბევრად მეტი უნდა გაკეთდეს“, – მოგვითხრო ნიკამ.
სწავლების დასრულებისთანავე მუშაობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაიწყო. ამისთვის ის მადლიერია ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის, ზურაბ გაიპარაშვილისა, რომელმაც საშუალება მისცა ჩართულიყო სხვადასხვა საქმიანობაში, მათ შორის, ჩართულია რამდენიმე საგრანტო პროექტში.
ნიკა ერთ წელიწადში სწავლას ამერიკაში, კაროლინის უნივერსტეტში გააგრძელებს და აიხდენს ოცნებას, რომელიც დიდი ხნის წინ გაუჩნდა. მაშინ ალბათ ვერც წარმოიდგენდა და ახლა სიამაყით ამბობს: „გამიმართლა, რომ პროგრამის ხელმძღვანელი პირადად დაინტერესდა ჩემით და შემომთავაზა სრული სტიპენდია, რაც აკადემიურ და საყოფაცხოვრებო ხარჯების უზრუნველყოფას გულისხმობს, დამატებით დამენიშნა სტიპენდიაც. კაროლინის უნივერსიტეტს აგვისტოდან შევუერთდები, ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე“.
რაც შეეხება თსუ-ს, ნიკას მის მიმართ სრულიად განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს: „თსუ-ში ყოფნის ხუთმა წელიწადმა მაჩვენა, რომ რაღაცები მართლაც არ არის ისეთი მიუღწეველი, როგორც ეს ერთი შეხებით ჩანს, მაგრამ, ამავდროულად, ის არც ისეთი მარტივია, როგორც უმრავლესობას ჰგონია. რომ არა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება, პროფესორები, ადამიანები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რათა უნივერსიტეტში გაგრძელდეს სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობა, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა და მისი მესვეურები, უნივერსიტეტის რექტორი, რომელსაც ნამდვილად აქვს გეგმა უნივერსიტეტის განვითარების, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი სხვაგვარად მოხდებოდა. ამ ეტაპზე კი გეგმები ბევრია — დრო კი ძალიან ცოტა!“