ლუკა ქილიფთარი :  „რაც  შეიძლება დიდი მიზნები უნდა გქონდეს და ყოველთვის უნდა ეცადო, განავითარო საკუთარი თავი’’

თარიღი: 2022-11-24 15:15:24

ლუკა ქილიფთარი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მე-4 კურსის სტუდენტია. თსუ-ში სწავლის პერიოდში სამ გაცვლით პროგრამაში მიიღო მონაწილეობა. პირველად 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში „ერზამუს+“ პროგრამით გერმანიაში ვიადრინას ევროპულ უნივერსიტეტში ერთი სემესტრით გაემგზავრა პოლიტიკის მეცნიერების შესასწავლად. მოგვიანებით, იმავე პროგრამით, ირლანდიაში ლიმერიკის უნივერსიტეტში ისწავლა. შემდეგ, ლუკამ Global UGRAD-ის ფარგლებში შეერთებულ შტატებში ალაბამას უნივერსიტეტში გაატარა ერთი სემესტრი. სამივე ქვეყნიდან 4.0 GPA-ით ჩამოვიდა.

,,ვიცოდი, რომ უცხოეთში სწავლა იქნებოდა მნიშვნელოვანი გამოცდილება, როგორც არაფორმალური უნარების მხრივ, რომელსაც იძენ, როდესაც  გარემოს იცვლი, ასევე სწავლის მხრივაც“.

მისი თქმით, საზღვარგარეთ არსებობს ისეთი კურსები, რომლებიც ჩვენთან არ არის. თუმცა პირიქითაც ხდება. სხვადასხვა ქვეყანაში ლექტორებს განსხვავებული მოთხოვნები აქვთ, მრავალფეროვანი დავალებები, რაც მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო. მაგალითად, ამერიკაში, ალაბამას უნივერსიტეტში არსებობს ოფისის საათები. ლექტორები სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევენ ყველანაირ საკითხზე დახმარებით მიმართონ მათ. ყველას საკუთარი კაბინეტი აქვს და ჩაწერის შემდეგ (რაც მარტივად, ონლაინ ხდება) შესაძლებელია კითხვით ან რჩევის მისაღებად ეწვიო ლექტორს.

უცხოეთში საუნივერსიტეტო ცხოვრება სავსეა ღონისძიებებით, რომლებიც სტუდენტებს დაახლოების საშუალებას აძლევთ. მაგალითად, ლიმერიკის უნივერსიტეტი ყოველ შაბათ-კვირას სპეციალურ ექსკურსიებს აწყობდა და გაცვლით სტუდენტებს ირლანდიის სხვადასხვა ქალაქის დათვალიერების შესაძლებლობას აძლევდა. ასევე, უცხოურ უნივერსიტეტებში არსებობს უამრავი კლუბი, მაგალითად: პოლიტიკით დაინტერესებულ, ანიმეს მოყვარულთა, ისტორიის მოყვარულთა და სხვა. რამდენიმეში ლუკაც იყო ჩართული. მისი თქმით, მსგავსი კლუბებისა და ღონისძიებების მეშვეობით უამრავი ახალი მეგობარი შეიძინა და დაინტერესებულ სტუდენტებს ყველაფერს უყვებოდა საქართველოს შესახებ: კულტურაზე, კლიმატზე,  ქართულ პოლიტიკაზე. იგი აღნიშნავს, რომ ამერიკელი სტუდენტები განსაკუთრებით ცნობისმოყვარენი აღმოჩნდნენ, ძალიან მოეწონათ ქართული ტრადიციული ცეკვები და ფოლკლორული მუსიკა. რაც შეეხება პრობლემებს, ლუკას თქმით, საწყის ეტაპზე ახალ სასწავლო გარემოსთან შეგუება გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. ყველა ქვეყანაში განსხვავებული ბიუროკრატიული სისტემაა, რაც საკმაოდ სტრესული და დამაბნეველი შეიძლება აღმოჩნდეს, თუმცა უნივერსიტეტების შესაბამისი დეპარტამენტები გაცვლით სტუდენტებს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ და მსგავსი სირთულეების გადალახვაში ეხმარებიან.

პოლიტიკა ბავშვობიდან აინტერესებდა როგორც საგარეო, ასევე შიდა. ,,თსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობები ყველასათვის ცნობილია და ვნახე, რომ წარმატებული სტუდენტები სწორედ აქ აბარებდნენ. შესაბამისად, ჩემმა პოლიტიკისადმი სიყვარულმა და ჩვენი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებამ გადამაწყვეტინა ამ ფაკულტეტზე ჩამებარებინა“, – ამბობს ლუკა.

ახლა იგი საქართველოს გაეროს ასოციაციაში USAID-ის პროგრამის ,,ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ასისტენტია. ეთნიკური და რელიგიური თავისუფლების მიმართულებით მუშაობს. მისი თქმით, ეს პროცესი ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია. უფრო მეტად ამერიკულმა გამოცდილებამ მისცა კარგი საფუძველი, აქ ემუშავა.

ლუკა საკუთარ წარმატებაში თსუ-ს დიდ როლზეც საუბრობს –

,,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მომცა ის უნარები, რომლებიც შემდეგ საზღვარგარეთ გამოვიყენე. კომფორტის ზონის დატოვება და სტრესული სიტუაცია ძლიერ ადამიანად გვაქცევს. შესაბამისად, რა შესაძლებლობებიც არსებობს, და თსუ უამრავ შესაძლებლობას გვაძლევს, ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ. თსუ-ს საკმაოდ ბევრი გაცვლითი პროგრამა აქვს. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ჩვენი უნივერსიტეტი „ერაზმუს+“ პროგრამაში ორჯერ მონაწილეობის უფლებას გვაძლევს, რასაც საქართველოში სხვა უნივერსიტეტების უმრავლესობა არ აკეთებს“.

მისი თქმით, უმნიშვნელოვანესია, რომ სხვა ადამიანებს თავი არ შევადაროთ -,,სხვისი წარმატების შედეგს რომ ხედავ, მარტივია, დაითრგუნო, მთავარია, რომ შენ საკუთარ თავზე უკეთესი იყო. პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს ძალიან დიდი, ეს, ალბათ, ყველაფერში მეხმარება. როდესაც ჩემს მაქსიმუმს არ ვაკეთებ, შინაგანად ცუდად ვგრძნობ თავს. შენ თავში უნდა იპოვო ძალა. შრომისმოყვარეობა აუცილებელია. გაცნობიერებული უნდა გქონდეს, რომ რაღაცებში მეორე შანსი არ არსებობს“.

სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ლუკას საზრუნავი, უპირველეს ყოვლისა, უნივერსიტეტის დამთავრებაა. შემდეგ კი სწავლის კვლავ საზღვარგარეთ გაგრძელება. თუმცა ლუკა ამბობს, რომ საკუთარ მომავალს საქართველოში ხედავს და მისთვის აქ ყოფნა პრიორიტეტულია.

ლიზი შაფათავა,

 თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის

ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციები მიმართულების სტუდენტი

Facebook
Twitter
LinkedIn