კობა ყალიჩავას პროფესიული ფორმულა სწავლება, კვლევა და კანონშემოქმედებითი საქმიანობა
ნატო ობოლაძე
თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურს პროფესორი კობა ყალიჩავა უხელმძღვანელებს. ახალ პოზიციაზე მუშაობის სამომავლო გეგმები დაწყებული პროექტების წარმატებით განხორციელებასა და აკადემიური პერსონალისთვის კვლევითი სტატიების გამოსაქვეყნებლად ახალი საერთაშორისო-სამეცნიერო პლატფორმების შეთავაზებას მოიცავს. კობა ყალიჩავა წამახალისებელი ღონისძიებების შეთავაზებას აპირებს იმ თემატიკების საკვლევად, რომელიც ამ ეტაპზე ნაკლებად შესწავლილია.
„ფაკულტეტზე უკვე გვაქვს ფინანსური შეღავათების დაწესების პრაქტიკა იმ თემების კვლევების წასახალისებლად, რომლებიც არ არის ნაკვლევი და განვითარებას საჭიროებს. ასევე, აღსანიშნავია ახლახან ამოქმედებული პროფესურის სამეცნიერო პროდუქტიულობის შეფასების სტანდარტი, რომელიც საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში სტატიების გარკვეული სიხშირით გამოქვეყნებას და სხვა სამეცნიერო აქტივობას გულისხმობს. სამართლის დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია აკადემიური პერსონალისთვის ხელშემწყობი მექანიზმების ამოქმედება, რაც მათ კვლევით პროდუქტიულობას გააუმჯობესებს. ერთი მხრივ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სამართლის მეცნიერება ეროვნულია. ამ თვალსაზრისით, იურიდიულ ფაკულტეტს უნდა ჰქონდეს მის საჭიროებებზე მორგებული დამატებითი ან გამონაკლისი მოთხოვნების დადგენის შესაძლებლობა, რის თაობაზეც გასაკეთებელი იქნება ინიცირება აკადემიურ საბჭოზე. მეორე მხრივ, დამატებით, ხელი უნდა შევუწყოთ ახალი საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალების პლატფორმებზე უფრო მეტ ხელმისაწვდომობას, სადაც ჩვენი პროფესორები შეძლებენ სამეცნიერო პუბლიკაციების გამოქვეყნებას“, — აცხადებს კობა ყალიჩავა.
იურიდიული ფაკულტეტის ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის ახალი ხელმძღვანელის პროფესიული საქმიანობა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს — პრაქტიკული, კანონშემოქმედებითი, პედაგოგიური და კვლევითი:
- 2017 წლიდან თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორია;
- 2015 წლიდან თსუ-ის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის აკადემიური დირექტორია.
- 2014 წელს იყო სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი;
- 2013 წელს — საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის იურისტი;
- 2012-2011 წლებში — ბრემენის უნივერსიტეტის გარემოს დაცვის ევროპული სამართლის კვლევითი ცენტრის (გერმანია) მეცნიერ-თანამშრომელი;
საქართველოს პარლამენტის მიერ უკვე მიღებულია მისი თანაავტორობით შექმნილი საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი. მონაწილეობდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის და ნადირობის შესახებ საქართველოს კანონის პროექტების შემუშავებაში. 2019 წელს საქართველოს მთავრობას მიღებული აქვს მისი თანაავტორობით შექმნილი 260-ე, 261-ე და 255-ე დადგენილებები, რომლებიც სივრცის დაგეგმარებისა და მშენებლობის საკითხებს აწესრიგებს;
კობა ყალიჩავას ავტორობითა და თანაავტორობით გამოცემულია 5 სახელმძღვანელო და 20-მდე სამეცნიერო სტატია ქართულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე. არის 20-მდე სამეცნიერო-კვლევითი და საკონსულტაციო საგრანტო პროექტის მონაწილე. ამ დროისთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სამშენებლო და გარემოს დაცვის სამართლის კურსს კითხულობს.
არასტანდარტული იურისტი
„ხშირად მსაყვედურობენ, რომ არ ვარ კლასიკური გაგებით იურისტი“, — ამბობს კობა ყალიჩავა. საზოგადოებაში პროფესია იურისტი ხშირად მხოლოდ მკაცრად გაწერილ საკანონმდებლო დებულებების ცოდნასა და მათ აღსრულებასთან ასოცირდება, კანონშემოქმედებითი საქმიანობა კი, გარკვეულწილად, სწორედ დადგენილი „ჩარჩოებიდან გასვლას“ გულისხმობს.
„საკანონმდებლო პროექტზე მუშაობისას ბოლომდე არ ვაღიარებ იმას, რაც წერია წესებში. როდესაც ახალ კანონპროექტზე ვმუშაობ, საჯარო სამსახურებიდან მოდის-ხოლმე შენიშვნები, რომ უკვე არსებულ წესში სხვაგვარად წერია და ამ წესებს ახალი კანონპროექტის რაღაც დათქმა არ შეესაბამება. არადა რეფორმის მიზანიც ძველი ხარვეზების გასწორებაა. ვფიქრობ, ცალსახაა, რომ თუ ჩაიკეტები დღეს მოქმედ წესებში, განვითარებას ვერ შეძლებ. თუმცა, მეორე მხრივ, თუ გინდა განვითარდე და რაღაც განსხვავებული შემოიტანო, ამისთვის მხოლოდ შენი ინტუიციური ინტელექტი საკმარისი არ იქნება. აქ აუცილებელია უცხოური გამოცდილების ცოდნა და გაზიარება. თანამედროვე იურისპრუდენციაში სწორედ ეს არის ახალი, საუკეთესო წესების მიგნების წყარო, ბიძგის მიმცემი, რომ რაღაც შედეგამდე მიგიყვანოს“, — აღნიშნავს კობა ყალიჩავა.
ერთ-ერთი ბოლო კვლევა, რომელიც კობა ყალიჩავას ავტორობით მაქს პლანკის ინსტიტუტის საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში (ZaöRV) გერმანულ ენაზე დაიბეჭდა, სწორედ სამართლის ტრანსფერის საკითხს ეხება. მისი სათაურია „სამართლის ტრანსფერი და თვითდინამიკა გარდამავალ ქვეყნებში: საქართველოში ადმინისტრაციული სამართლის განვითარების მაგალითი“. ნაშრომი გერმანელ პროფესორ გერდ ვინტერთან ერთად მომზადდა, რომელსაც მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებს საქართველოსთან. კვლევა განვითარებად ქვეყნებში უცხოური სამართლის გადმოტანის წარმატება/წარუმატებლობის საკითხებს ეხება.
„კვლევის ფარგლებში სამართლის ტრანსფერის თეორია შევიმუშავეთ და მივედით დასკვნამდე, რომ ეს პროცესი საქართველოს მაგალითზე წარმატებით განხორციელდა და აქ მნიშვნელოვანი იყო ორი მომენტი: 1. საერთაშორისო იურიდიული კონსულტაციის პროცესის სწორად წარმართვა, რაც გულისხმობს იმას, რომ მიმღებ ქვეყანაში უცხოელი ექსპერტის ჩამოსვლა არ უნდა იყოს მისიონერული. მან ადგილობრივ ხელისუფლებას და ექსპერტებს თავზე არ უნდა მოახვიოს ე.წ. „ჩემოდნით ჩამოტანილი სამართალი“. მას უნდა ჰქონდეს დიალოგი ადგილობრივ მხარესთან მისაღები გადაწყვეტილების ძიების მიზნით და მოდელების შეთავაზებით. ჩვენ ამას „სოკრატეს მეთოდი“ ვუწოდეთ. 2. მნიშვნელოვანია შინაარსობრივი ნაწილი, რადგან მხარეები განიხილავენ — სამართლის ტრანსფერის რა ნაწილი შეიძლება იყოს აქტუალური მიმღები ქვეყნისთვის და რა — არა, რადგან არსებობს უნივერსალისტური ნორმები, რომლებიც ორივე ქვეყნისთვის საერთოა და კულტურალისტური, რომელიც მხოლოდ კონკრეტული ქვეყნისთვის არის დამახასიათებელი. ამ ფაქტორების კომბინაცია უცხოური სამართლის წარმატებული ტრანსფერის საფუძველია. ტრანსპლანტირებულმა სამართალმა შეიძლება ვერ გამოიწვიოს ზუსტად ისეთივე შედეგი, რაც მას წარმოშობის ქვეყანაში ჰქონდა, თუმცა ის გარდაუვლად ახდენს განმავითარებელ ეფექტს“, — განმარტავს კობა ყალიჩავა.
ჩართულობა ქართული სამართლის ევროპეიზაციის პროცესში
კობა ყალიჩავამ გერმანელი სამართალმცოდნის, პროფესორ ვინტერის ხელმძღვანელობით სადოქტორო დისერტაცია გარემოს სამართლის მიმართულებით დაიცვა, რომელიც შესრულდა ქართული, გერმანული და ევროპული სამართლის შედარების მეთოდით. კვლევაზე მუშაობის პერიოდი იმ წლებს მოიცავს, როდესაც ქართული სამართლის ევროპეიზაციის პროცესი აქტიურ ფაზაში გადავიდა. ამიტომ შედარებით-სამართლებრივ კვლევას მაშინ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. 2011 წლიდან, ასევე პროფესორ ვინტერთან თანამშრომლობით, სამშენებლო სამართლის საკითხების კვლევა დაიწყო. შედეგად შეიქმნა უკვე დღეს მოქმედი საქართველოს სამშენებლო კოდექსი, რომელიც ქართულ-გერმანული მხარეების ჩართულობით 8 წელი მუშავდებოდა და პარლამენტმა 2019 წლის ბოლოს დაამტკიცა.
„ჩვენ ევროპული და გერმანული გამოცდილება შევისწავლეთ, არა მარტო კანონმდებლობა, არამედ სასამართლოს პრაქტიკა და იურიდიული დოქტრინის მიდგომები. პროფესორი ვინტერი ამბობდა, რომ ჩვენს კანონს თქვენი კანონი ჯობიაო, რადგან გერმანულ კანონმდებლობაში ნაკლებად არის ასახული ჩვენი სასამართლო პრაქტიკისა თუ იურიდიული დოგმატიკის უახლოესი მიღწევებიო. ახალი სამშენებლო კოდექსი ითვალისწინებს ევროპული სტანდარტის რეგულაციებს. ის უარყოფს მშენებლობის ნაკვეთ-ნაკვეთ განვითარებას. მნიშვნელოვანია, რომ დასახლების განვითარება მოხდეს გააზრებულად, მთელი არეალის გათვალისწინებით და არა ერთი მესაკუთრის ინტერესებიდან გამომდინარე“, — აღნიშნავს კობა ყალიჩავა.
მისი შეფასებით, ქართული საკანონმდებლო ბაზა ევროპეიზაციის თვალსაზრისით მეტ-ნაკლებად გამართულია, პრობლემები აღსრულების ეტაპზე იკვეთება.
„საქართველოში ცალსახად ბევრი ევროპული ორიენტაციის კანონი გვაქვს, მაგრამ აღსრულების კულტურის ნაწილში, რომელიც აუცილებელია, რომ ევროპულ ღირებულებებთან თავსებადი იყოს, პრობლემები იკვეთება. როდესაც სამშენებლო კოდექსზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაშიც ანალოგიური მდგომარეობაა, კანონის დონეზე რეგულაციები გამართულია, თუმცა ჯერ-ჯერობით აღსრულების ნაწილში სუსტია. სამართალში ყველაფერს თავიდანვე ვერ გათვლი. ადმინისტრაციულ სამართალში გვაქვს ორი მიმართულებით ნორმის შექმნის საშუალება: ერთი, როდესაც ნორმა არის კონდიციური, ანუ ვიცით ზუსტად — რა შედეგს მივიღებთ, რადგან კონდიციურ ნორმაში მოცემულია კონკრეტული ინსტრუქციები და მეორე — დისკრეციული ტიპის ნორმები, რომლებიც გვაქვს კომპლექსური საკითხების დასარეგულირებლად. ამ შემთხვევაში კონკრეტულ ინსტრუქციებს ვერ შეიმუშავებ და ევროპული სამართლის მიდგომითაც ნორმა ლავირების საშუალებას უნდა ტოვებდეს. განვითარებულ ქვეყნებში ძალიან ბევრი დისკრეციული ნორმებია, თუმცა უმეტეს შემთხვევაში მათი სწორად გამოყენება ხდება. ჩვენთან სუბიექტური მიდგომები სჭარბობს. ამ შემთხვევაში გამოსავალია, რომ აღსრულების ნაწილში უფრო მეტად განათლებული, მიუკერძოებელი, კეთილსინდისიერი საჯარო მოხელე გვყავდეს, რომელიც დისკრეციულ დათქმას კეთილსინდისიერად გამოიყენებს. ეს პროცესია… ვფიქრობ, ამას ათწლეულები დასჭირდება, რაშიც განათლებამ გარდამტეხი როლი უნდა შეასრულოს“, — განმარტავს კობა ყალიჩავა.
კარგი პედაგოგიკის ფორმულა
კობა ყალიჩავა სამართლის დარგით ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში დაინტერესდა, საშუალო განათლება ჩხოროწყუს რაიონის გიმნაზიაში მიიღო, სადაც სამართალი, როგორც ცალკე საგანი, 2 წლის განმავლობაში ისწავლებოდა.
„ძალიან კარგი მასწავლებელი მყავდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული იყო. შეიძლება ითქვას საფუძვლიანად გვასწავლა სამართლის შესავალი, სამოქალაქო, სისხლის და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებები. მახსოვს, სკოლის პერიოდში თემაზეც ვმუშაობდი: „ეკლესია-მონასტრები და მათი უკანასკნელი მღვდელმთავრები გასაბჭოებამდე ჩხოროწყუს რაიონში“. კვლევამ 42-ე რესპუბლიკურ კონფერენციაში პირველი ხარისხის სიგელი დაიმსახურა. საბჭოთა პერიოდში ბევრი ეკლესია დაანგრიეს, ხატები გადაყარეს, სასულიერო პირები „გაკრიჭეს“, ბევრი ისტორია იყო, რომელიც საბჭოთა ხელისუფლების ქმედებებს უკავშირდებოდა. თემაზე მუშაობისას მხარეთმცოდნეობის მუზეუმის არქივში ვიმუშავე, მე-19 საუკუნის ძველ საგაზეთო სტატიებს გავეცანი, გამოკითხვები ჩავატარე უხუცესებთან. მაინტერესებდა საკვლევი პრობლემის უფლებრივი (სამართლებრივი) ნაწილი, რაც ძალიან დამეხმარა პროფესიის არჩევისას გადაწყვეტილების მიღებაში“, — იხსენებს კობა ყალიჩავა.
რა შეიძლება იყოს კარგი პედაგოგიკის ფორმულა? — კობა ყალიჩავა ამბობს, რომ ცალსახად მხოლოდ პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება არ არის საკმარისი კრიტერიუმი, თუმცა ამ კომპონენტის გარეშე პროფესიონალი კადრის ჩამოყალიბება შეუძლებელია.
„იურიდიულ ფაკულტეტს აქვს კლინიკები, სადაც სტუდენტები სტაჟირებას გადიან. ჩვენი პროფესურა სასწავლო პროცესში აქტიურად იყენებს სასამართლო გადაწყვეტილებებს, რაც ასევე პრაქტიკული კომპონენტია. ვფიქრობ, ის, ვინც მაქსიმალურად იყენებს უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნას, მზად არის პროფესიული ადგილის დასამკვიდრებლად. თუმცა, მხოლოდ პრაქტიკული უნარ-ჩვევების სწავლება ცალსახად არასწორია. ჩემი, როგორც პედაგოგის, მეთოდი მოიცავს სტუდენტისთვის სისტემური ცოდნის მიწოდებას. მნიშვნელოვანია სამართლის ინტერნაციონალიზაციის ელემენტების გაცნობა, როდესაც ეროვნულ სამართალს ვასწავლი, იქ აუცილებლად შემომაქვს უცხოური სამართლის ნაწილიც შედარებითი თვალსაზრისით ეროვნულ სამართალთან. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ სტუდენტებს ხედვის ჰორიზონტი გავუფართოოთ და მათ ნებისმიერი პრაქტიკული ქეისის ზოგად სამართლებრივ ჭრილში გაანალიზება შეძლონ“, — განმარტავს პროფესორი.
კობა ყალიჩავა ევროპულ პარტნიორ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც საუბრობს. მან მაგისტრატურის საფეხური, 2009 წელს, კიოლნის უნივერსიტეტში დაამთავრა. ამ დროს ევროპულ პარტნიორ უნივერსიტეტებთან გაცვლითი პროგრამები ჯერ კიდევ არ იყო ისეთი მასშტაბური, როგორც დღეს, თუმცა მაშინ საზღვარგარეთ განათლებამიღებულმა თაობამ დღეს უკვე იურიდიული განათლების სფეროში გადმოიტანა და დაამკვიდრა სწავლების ის სტანდარტი და გამოცდილება, რომელიც პარტნიორ უნივერსიტეტებშია.
„ამ დროს იწერებოდა ქართული კანონმდებლობა დასავლური სახელმწიფოების დახმარებით, მაგრამ განმარტებები, კანონის კომენტარები და მეცნიერული კვლევები არ გვქონდა. დღეს უკვე გვაქვს და მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული მიმართულებებით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორი უნივერსიტეტები გერმანიიდან პერმანენტულად გვიგზავნიან სამეცნიერო-სასწავლო ლიტერატურას. აქ ასწავლიან უცხოეთში განათლებამიღებული პროფესორები, შესაბამისად, ვფიქრობ, ხარისხიანი თანამედროვე განათლების მიღება დღეს აქაც ცალსახად შესაძლებელია“, — განმარტავს პროფესორი.