ივირონის მონასტერში დაცული ყველა ძველი ქართული ხელნაწერი სრულად აღიწერა
ნატო ობოლაძე
ივირონის მონასტერში დაცული ყველა ძველი ქართული ხელნაწერია სრულად აღწერილი ქართველი და უცხოელი მეცნიერების მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგად ინგლისურ ენაზე გამოცემულ წიგნში „Catalogue of the Georgian Manuscripts, Holy Monastery of Iviron“ (ავტორები: Jost Gippert, Bernard Outtier, Sergey Kim, et al.). 1064-გვერდიანი წიგნი აღნიშნული კოლექციის პირველ ანალიტიკურ აღწერილობას წარმოადგენს (სულ 95 ერთეული). კატალოგს ახლავს რამდენიმე დანართი, ინდექსები და ილუსტრაციები.
საერთაშორისო სამეცნიერო პროექტს გერმანელი პროფესორი იოსტ გიპერტი ხელმძღვანელობდა. პროექტში მასთან ერთად მონაწილეობდნენ ბერნარ უტიე, სერგეი კიმი, გიორგიოს ბუდალისი, კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერთა ჯგუფი — ქეთევან ასათიანი, მანანა დოლაქიძე, ლალი ჯღამაია, მაია კარანაძე, მიხეილ ქავთარია, ლილი ხევსურიანი, ლია კიკნაძე, თინათინ ცერაძე და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფი — მზექალა შანიძე, დარეჯან თვალთვაძე, ეკა კვირკველია, სოფიო სარჯველაძე, თინათინ ჯიქურაშვილი, ციცინო გულედანი და გიორგი ლომსაძე.
„ათონის ქართველთა მონასტერი, „ივირონი“, რომელიც დაარსებულია 980-983 წლებში წმ. იოანე მთაწმინდისა და ღირსი მამის იოანე-თორნიკეს მიერ, სიწმინდეს წარმოადგენს ყველა ქრისტიანისთვის, განსაკუთრებით ქართველებისთვის. ივირონის ბიბლიოთეკაში ინახება ქართველთა მიერ საუკუნეთა განმავლობაში შექმნილი საგანძური — „ხელით წერილი განძი“, ხელნაწერი წიგნები, რომლებიც, ძირითადად, X-XII საუკუნეებისაა და რომელთა ნაწილი იქვე, ივირონშია გადაწერილი. ხელნაწერთა ამ კოლექციის შესახებ ცნობები საქართველოში ადრევე ქვეყნდებოდა (ტიმოთე გაბაშვილი, პლატონ იოსელიანი, ნიკო მარი და სხვ. ), თუმცა ინფორმაცია ფრაგმენტული იყო. კოლექციის სრული, მაგრამ მოკლე აღწერილობა XIX საუკუნის 80-იან წლებში შეადგინა და გამოსცა ალექსანდრე ცაგარელმა, შედარებით ვრცლად და სისტემურად ხელნაწერები XX საუკუნის 30-იან წლებში აღწერა რობერტ ბლეიკმა. მაგრამ აშკარად იგრძნობოდა ათონური კოლექციის ხელნაწერთა ახალი, უფრო სრულყოფილი და სრული ანალიტიკური კატალოგის შედგენის საჭიროება. სწორედ ასეთი გამოცემა მომზადდა უცხოელი და ქართველი მეცნიერების მიერ ათონის მონასტრის ბერებთან თანამშრომლობითა და მხარდაჭერით. წიგნიც ათონის მთაზე გამოიცა. შეთანხმების მიხედვით, კატალოგი მომავალში ბერძნულ და ქართულ ენებზეც უნდა გამოიცეს. ქართულ ენაზე გამოცემის პროცესი უკვე დაწყებულია, მას კ.კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ამზადებს და ალბათ მალე იხილავს დღის სინათლეს.
ახალ გამოცემაში ხელნაწერების შესახებ სრული ინფორმაციაა მოცემული, გარდა ხელნაწერის შესახებ ძირითადი ცნობებისა (როგორიცაა თარიღი, საწერი მასალა, ზომები, გადამწერი და ა.შ.), გამოქვეყნებულია ყველა ანდერძი, მინაწერი, მარგინალური შენიშვნა, წარმოდგენილია ვრცელი ბიბლიოგრაფიაც. სიახლეს წარმოადგენს ის ფაქტიც, რონ აქამდე გამოცემულ კატალოგებში 86 ხელნაწერი იყო აღწერილი, მუშაობის პროცესში გამოვლინდა კიდევ 9 მანუსკრიპტი, რომელთა აღწერილობა პირველად ქვეყნდება.
წიგნის გამოცემით უდიდესი მნიშვნელობის საქმე გაკეთდა, რადგან გამოცემა, ფაქტობრივად, სრულ წარმოდგენას გვიქმნის ხელნაწერების შესახებ, რაც მათში დაცული ტექსტების შემდგომი დეტალურად შესწავლისთვის აუცილებელი წინაპირობაა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროექტის ფარგლებში დამზადდა ხელნაწერთა ციფრული ასლები, 40000 მაღალი გარჩევადობის ფერადი სურათი ყველა ხელნაწერისა, რომელთაც მე, მაგალითად, ვერასდროს ვერ დავიჭერ ხელში, რადგან დავიბადე ქალად (ათონის მთაზე ქალების ჩასვლა აკრძალულია)“, — აცხადებს პროექტის კოორდინატორი თსუ-ს მხრიდან, პროფესორი დარეჯან თვალთვაძე.
წიგნი „Catalogue of the Georgian Manuscripts, Holy Monastery of Iviron“ ფოლკსვაგენის ფონდის დაფინანსებულ საერთაშორისო სამეცნიერო პროექტის ფარგლებში მომზადა და ივირონის მონასტრის გამომცემლობამ გამოსცა.