თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ახალი ჟურნალი – „სტუდენტური საისტორიო ძიებანი“
შურთხია ბეროშვილი
„სტუდენტური საისტორიო ძიებანი“ — ასე ჰქვია ახალ ჟურნალს, რომელიც თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა ჯგუფის და პროფესორ-მასწავლებელთა ერთობლივი გადაწყვეტილებით დაარსდა. მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალში სტატიების დაბეჭდვა შეუძლიათ სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტებს.
ჟურნალის ორგანიზატორთა თქმით, გამოცემის მიზანია მომავალ თაობებში საისტორიო კვლევებისადმი ინტერესის გაძლიერება.
ჟურნალის ერთ-ერთი რედაქტორის ნიკოლოზ სარაჯიშვილის ინფორმაციით, მიღებული მასალა გაივლის ფარულ რეცენზირებას და დადებითი დასკვნის შემთხვევაში გამოქვეყნდება ჟურნალში.
„სარედაქციო კოლეგიაში უმთავრესად ისტორიკოსები ვართ. ერთ-ერთი მთავარი, რითაც გამოირჩევა ჩვენი ჟურნალი, არის ის, რომ სარედაქციო კოლეგიაში არიან როგორც სტუდენტები, ისე მეცნიერები. ჟურნალის შექმნის იდეა დაიბადა იქიდან გამომდინარე, რომ, ფაქტობრივად, არ არსებობს სამეცნიერო ჟურნალი, სადაც სტუდენტები თავიანთ ნაშრომებს და სამეცნიერო სტატიებს გამოაქვეყნებენ“. ჟურნალში გამოსაქვეყნებლად გამოგზავნილი სამეცნიერო სტატია შესაძლოა, ეხებოდეს საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიისა და კულტურის კვლევების საკითხებს. ასევე, ჟურნალში დასაბეჭდად მიიღება აკადემიური თარგმანები და სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომები.
„სტუდენტების მხრიდან დაინტერესება დიდია. შემოსულია საკმაოდ მრავალფეროვანი არაერთი სტატია სამივე საფეხურის სტუდენტებისგან. მაგალითად, პირველი ნომრისთვის ასეთი სტატიები შემოგვთავაზეს: „აბორიგენი ინდიელების მდგომარეობა კანადაში – კულტურული გენოციდი თუ დისკრიმინაცია“; „ჯოვანი ტომაზო მინადოისა და ანონიმი ავტორის ცნობები სიმონ I-ის ოსმალებთან ბრძოლის შესახებ“; „1991 წლის „აგვისტოს პუტჩი“ მოსკოვში და საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება მისდამი (ბრიტანული და ირლანდიული პრესის მასალების მიხედვით)“ და სხვა მრავალი. ეს ჩამონათვალიც ადასტურებს იმას, რომ ჟურნალის პირველი ნომერი მართლაც საინტერესო და ხარისხიანი გამოვა.
გარდა სტატიებისა, ჟურნალში იბეჭდება წყაროს პუბლიკაციები და თარგმანები. ამ მხრივ ქართული სამეცნიერო წრისთვის რამდენიმე სიახლეც უკვე გვაქვს“, — ამბობს ნიკოლოზ სარაჯიშვილი.