გივი ბედიანაშვილი: „ქართველი სტივ ჯობსი და ილონ მასკი ჯერ არ გვყავს, მაგრამ გვეყოლება, თუ მშვიდობა იქნება მსოფლიოში“
მაია ტორაძე
უნივერსიტეტელობა ერთგვარ პოზიციად ჩამოყალიბდა – თუ ეს სახელი გქვია, ესე იგი მშობლიური უნივერსიტეტიც ისევე გიყვარს, როგორც ქვეყანა, ოჯახი..
გივი ბედიანაშვილიც უნივერსიტეტელია – ათეულობით წელია აქ სტუდენტებს ეკონომიკის ლაბირინთებში დაჰყვება და თავის გამოცდილებას უზიარებს. შედეგად იმსახურებს სიყვარულს და პატივისცემას, რომელსაც ახალგაზრდები დაუმსახურებლად არასოდეს არიგებენ. როგორ აღმოჩნდა ეკონომიკის მეცნიერებებში და როგორ ხედავს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მომავალს, გვესაუბრება თსუ-ის ასოცირებული პროფესორი გივი ბედიანაშვილი:
– რამ განაპირობა ეკონომიკის საკითხებით დაინტერესება, როგორ აღმოჩნდით თსუ ეკონომიკის ფაკულტეტზე?
– ადრეული ასაკიდანვე მაინტერესებდა კვლევები, საინტერესო პრობლემების გადაჭრის გზების ძიება და გადავწყვიტე, ჩამებარებინა თსუ-ის საინჟინრო-ეკონომიკურ ფაკულტეტზე „ეკონომიკური კიბერნეტიკის“ განხრით, რომელიც მაშინ ახალი გახსნილი იყო. სხვათა შორის, უნდა ვთქვა, რომ ეს აღმოჩნდა ძალიან საინტერესო მიმართულება, რომელმაც ბევრი რამ ახლებურად დამანახა. ჩვენ ვუსმენდით არაერთი პროგრესულად მოაზროვნე მეცნიერის ლექციებს. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩემი თაობის არიან ცნობილი მეცნიერები — აკადემიკოსი ლადო პაპავა, აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე, პროფესორი იური ანანიაშვილი, პროფესორი გიორგი წერეთელი, პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი, პროფესორი რევაზ გველესიანი და სხვები. ჩვენმა მაშინდელმა ლექტორებმა (პროფესორებმა კლიმენტი აჩელაშვილმა, გივი ჭანუყვაძემ, ბიკენტი გაბიძაშვილმა და სხვებმა) მოახერხეს და სტუდენტებს გაგვაცნეს ეკონომიკის ორი სამყარო – დასავლური და სოციალისტური ბანაკი.
გასული საუკუნის 90-იან წლებში, როცა ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური გარდაქმნები დაიწყო, სწორედ უნივერსიტეტში მიღებულმა ცოდნამ მოგვცა შედარების შესაძლებლობა და გაანალიზების უნარი იმისა, რომ ეს რეფორმები საზოგადოებისთვის ეფექტიანი არ იყო.
მაშინ ურთიერთობა გვქონდა მოსკოვის ინსტიტუტებთან და მეც, როგორც ბევრმა ჩემმა კოლეგამ, ასპირანტურა მსოფლიოში ცნობილ ცენტრალურ ეკონომიკურ-მათემატიკურ ინსტიტუტში დავამთავრე. შემდეგ უკვე ვმუშაობდი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტში, რომლის ხელმძღვანელებიც თავის დროზე იყვნენ აკადემიკოსები: პაატა გუგუშვილი, ავთანდილ გუნია, ლადო პაპავა, პროფესორი გიორგი წერეთელი, ამჟამად კი მას პროფესორი რამაზ აბესაძე ხელმძღვანელობს. ამ დროს ჩამოყალიბდა აქ ქართული სამეცნიერო საბჭო საინტერესო პროფილით, როგორიცაა მაკროეკონომიკა და ეკონომეტრიკა. მე უკვე დაცული მქონდა საკანდიდატო დისერტაცია მოსკოვში და სადოქტოროც მზად მქონდა, მაგრამ ვამჯობინე — აქ დამეცვა სადოქტორო დისერტაცია. დისერტაციის თემა იყო „სახელმწიფოს გრძელვადიანი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მოდელირება – მიზნობრივი და რესურსული მაკროეკონომიკური ასპექტები“. სხვათა შორის, საკანდიდატოც ამ თემატიკაზე დავიცავი და განვაგრძე კვლევა – გავაღრმავე სადოქტოროში.
– პედაგოგიური საქმიანობისადმი ინტერესი როდის გაჩნდა? როგორც ვიცით, თქვენ აქტიურ პრაქტიკულ საქმიანობას ეწეოდით…
– პედაგოგიური მოღვაწეობა დავიწყე გასული საუკუნის 80-იან წლებში. თავდაპირველად ვასწვლიდი ეკონომიკურ კიბერნეტიკას, მერე მქონდა მცირე წყვეტა და გადავინაცვლე პრაქტიკულ საქმიანობაში. უნდა გითხრათ, რომ ყველგან, სადაც წავედი, თან მდევდა უნივერსიტეტში მიღებული ცოდნის კარგი ბაზა, რაც პრაქტიკულ საქმიანობაშიც გამომადგა და ამით ვამაყობ დღესაც, რადგან, რასაც ვასწავლი, ეს არ არის მხოლოდ თეორიაზე დამყარებული ცოდნა, ეს არის ის, რაც თავადაც მიკეთებია და პრაქტიკულად ვიცი — როგორ მუშაობს. შემდეგ კი, განსაკუთრებით ბოლო წლებში, ავიღე სერტიფიკატები და გავიარე თითქმის ყოველწლიური ტრენინგები — ორგანიზებული მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების მიერ.
ჩვენი უნივერსიტეტის ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტს, რომელსაც უკვე, მეორე ვადაა, წარმატებით ხელმძღვანელობს პროფესორი გიორგი ღაღანიძე, დიდი სამეცნიერო-პედაგოგიური პოტენციალის მატარებელი პროფესურა ჰყავს. ამას მუდმივად ვეუბნები სტუდენტობას – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კვალიფიკაციით და ინტელექტუალური შესაძლებლობებით არ ჩამოუვარდება მსოფლიოში არსებულ უნივერსიტეტებს, უბრალოდ, რაღაც პირობების გამო ჩვენ ნაკლებად ვჩანვართ, რაც წლების განმავლობაში გამოსწორდება.
დღეისათვის ორ უნივერსიტეტში ვსაქმიანობ – თბილისის სახელმწიფო და ევროპის უნივერსიტეტებში. რა თქმა უნდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის ჩემთვის მშობლიური – პირველი დედა უნივერსიტეტი; თავის მხრივ, ევროპის უნივერსიტეტიც პირველია ჩემთვის, მაგრამ როგორც „შვილობილი“ უნივერსიტეტი. თუ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გარკვეულად ეტალონია რეგიონის საუნივერსიტეტო სივრცეში, ევროპის უნივერსიტეტი არის ახალგაზრდა, სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწრაფად მზარდი უნივერსიტეტი, განვითარების დიდი პოტენციალით. იქ დავაარსე საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „გლობალიზაცია და ბიზნესი“, რომელშიც სამეცნიერო კვლევებს აქვეყნებენ არა მხოლოდ ევროპის, არამედ თბილისის სახლმწიფო უნივერსიტეტის და სხვა უნივერსიტეტების პროფესურა და დოქტორანტებიც. ბევრია სტატია საქართველოს და მსოფლიოს სხვა უნივერსიტეტებიდან. მშვენიერი კვლევითი ინტეგრაცია მოხდა ამ ჟურნალში, რომელიც რეცენზირებულია და ძალიან კარგ სამეცნიერო ბაზებშია ინდექსირებული, თუმცა ერთი ნიუანსია კიდევ – ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ გვქონდეს ჩვენი ქართული ჟურნალი – ინდექსირებული Scopus-ში ან web of science-ში. ახლა სწორედ ამაზე ვმუშაობთ, რომ საქართველოში ეკონომისტების სამი სერიოზული გამოცემიდან – ესაა „ეკონომისტი“ (თსუ-ის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის გამოცემა), „ეკონომიკა და ბიზნესი“ (თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის გამოცემა) და „გლობალიზაცია და ბიზნესი“ (ევროპის უნივერსიტეტის გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტის გამოცემა), სულ ცოტა, ამათგან ერთ-ერთი მაინც მოხვდეს ამ ბაზებში.
ჩვენ აგრეთვე საინტერესო თანამშრომლობა გვაქვს სხვადასხვა ქვეყნის და უნივერსიტეტის მეცნიერებთან. მაგალითად, ცოტა ხნის წინ დაისტამბა საერთაშორისო კოლექტიური მონოგრაფია — „სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიები და მათი განხორციელების მექანიზმები ეკონომიკური გაურკვევლობისა და გლობალიზაციური ცვლილებების პირობებში“ (ხერსონი & თბილისი, 2021). იგი გამოიცა ევროპის უნივერსიტეტის გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტისა და ხერსონის სახელმწიფო აგრარულ-ეკონომიკური უნივერსიტეტის (უკრაინა) ორგანიზებით (Editor: Yurii Kirilov; Givi Bedianashvili; Ganna Zhosan; Quji Bichia. ISBN: 978-9941-26-962-2).
მონოგრაფია მით უფრო აქტუალური და საინტერესოა, რომ მასში შევიდა ქართველი და უკრაინელი მეცნიერების ნაშრომები, რომლებიც ეძღვნება სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თეორიულ-მეთოდური და მეთოდოლოგიური პრობლემების შესწავლას. წიგნში წარმოდგენილია ურთიერთდაკავშირებული საკითხების კომპლექსი, როგორიცაა მაკროეკონომიკური საფუძველი გრძელვადიანი სტრატეგიებისა და მექანიზმების ფორმირებისთვის.
საერთაშორისო კოლექტიურ მონოგრაფიას საფუძვლად დაედო 2020-2021 წწ. განმავლობაში ორი ინსტიტუციის ერთობლივი საქმიანობა სამეცნიერო-კვლევების სფეროში. კვლევებში ჩართული იყვნენ არა მხოლოდ ორგანიზატორი უნივერსიტეტების მეცნიერ-თანამრომლები, არამედ მკვლევრები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის ეროვნული უნივერსიტეტიდან, ქუთაისის უნივერსიტეტიდან, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. მკვლევრებს შორის არიან, ასევე, წარმომადგენლები პოლონეთიდან.
– სამეცნიერო ინტერესის სფერო…
– სამეცნიერო ინტერესებში ერთი გამოკვეთილი და უცვლელი მიმართულება არ მაქვს, ვიკვლევ იმას, რაც აქტუალური და საინტერესოა. მაგალითად, არაერთი წელია, ვმუშაობ ცოდნის ეკონომიკის განვითარებაზე, ციფრული ეკონომიკისა და ბიზნესის თემატიკაზე, ინოვაციურ სამეწარმეო პოლიტიკის პრობლემებზე, ასევე მწვანე ეკონომიკაზე, რომლის თაობაზეც სასწავლო კურსი მოვამზადე. ასევე საინტერესოა – თანამედროვე გაურკვევლობის პირობებში სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიმართულებების განსაზღვრა და კულტურის ფაქტორი ეკონომიკასა და ბიზნესში… ამ თემაზე მონოგრაფიაც გამოვეცი.
– როგორ შეაფასებთ დღევანდელი საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას, რასაც სკეპტიკურად უყურებს მოსახლეობა ფულის გაუფასურების, პროდუქციის გაძვირებისა და უმუშევრობის ფონზე? რა ეტაპზეა საქართველოს ეკონომიკა და რა პერსპექტიული მდგომარეობა გვაქვს იმისთვის, რომ დავძლიოთ პრობლემები?
– ამ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებები, შესაძლოა, სხვადასხვა იყოს. როგორც ეკონომისტი, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას დინამიკაში ვაკვირდები და შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ახლა ვართ პოზიტიურ ეტაპზე. ეს არის ხალხის დამსახურებაც, ცხადია, მაგრამ ყველა შემთხვევაში უნდა აღინიშნოს, რომ დიდწილად პროცესს მართავს მთავრობა.
რაც შეეხება დღევანდელ გამოწვევებს: ინფლაცია, მაღალი ფასები, კურსის არასტაბილურობა/არამდგრადობა — ეს არ არის ქართული ფენომენი; ეს, სამწუხაროდ, გლობალური ფენომენია. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის გამოწვევები, რაც არის გლობალურ/მსოფლიო დონეზე და ეფექტიანად დავარეგულიროთ ქვეყნის შიგნით. აქაც მსურს ოპტიმისტურად შევხედო საკითხს და აღვნიშნო, რომ მომწონს ჩვენი მთავრობის ობიექტურობა და ადაპტაციის შედარებით მაღალი დონე. ჩანს, რომ პრობლემის გარშემო ვაკეთებთ იმას, რაც საჭიროა. სიტუაცია არის არასტანდარტული – მდგომარეობაზე მოქმედებს არსებული სამწუხარო დაძაბულობა — ომი უკრაინაში, რასაც ემატება პანდემიის შემდგომი პერიოდი და ამიტომაც გაწერილი რეცეპტები ვერ იარსებებს. როდესაც ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობა არის კარგი, მალე სტაბილურდება სიტუაცია. ამ მიმართებით მნიშვნელოვანია მოლოდინები. ეს ცნება ეკონომისტებმა იციან კარგად. ეს არის ის, როდესაც ადამიანი უყურებს სხვადასხვა პროცესს და ფიქრობს, რომ შესაძლოა რაღაც მოხდეს ასე ან ისე – ანუ განჭვრეტით, წინასწარ პროგნოზირებით ფიქრობს და ეს მოლოდინი განსაზღვრავს შემდგომ მის ქცევას. შესაძლოა არც მოხდეს ის, რასაც ფიქრობს, მაგრამ ამ მოლოდინებზე აწყობს გეგმას. ამის შედეგია ის, რომ დახლებიდან პროდუქტი ქრება. ადამიანი ფიქრობს, რომ, მიმდინარე პროცესების გამო, ფასები აიწევს და ცდილობს იაფად დააგროვოს პროდუქტი.
ჩვენ განვახორციელეთ კვლევა, რომელშიც ჩართული იყო საქართველოს 10 წამყვანი უნივერსიტეტი. გამოიკვეთა, რომ უმუშევრობის მაღალი დონე ყოველთვის არ არის განპირობებული სამუშაო ადგილების არქონით. ის, ზოგჯერ, სამწუხაროდ, განპირობებულია იმ საჭირო უნარ-ჩვევების არქონით, რომელიც პოზიციას სჭირდება. ცხადია, უმუშევრობის პრობლემა ყველას აწუხებს, არა მარტო საქართველოს. მაგრამ, აქაც იმედი მაქვს, რომ ორიენტაცია ახალი სამუშაო ადგილების გაჩენაზე გარკვეულ პასუხს გასცემს უმუშევრობის საკითხში არსებულ გამოწვევებს.
— საჭირო უნარ-ჩვევების არქონაზე მიუთითეთ… როგორ ფიქრობთ, ვერ ვასწავლით თუ არ სწავლობენ? როგორია დღეს სტუდენტის განწყობა?
— მე ვცდილობ, სტუდენტებს დავანახო, რომ დღევანდელ პირობებში, მცირე ქვეყნის ფორმატში, მთავარი რესურსი არის ცოდნა. საქართველო, შესაძლოა, ცნობადი და მსოფლიო სისტემაში ღირსეულად ინტეგრირებული გახდეს სწორედ ცოდნის პოტენციალის ეფექტიანი გამოყენებით, როგორც, მაგალითად, ისრაელი, ესტონეთი. ეს სტუდენტებმა იციან და მათ ქცევაშიც ჩანს, თუ ბოლო 5-10 წლის პერიოდს შევადარებთ.
ბოლო დროს უნივერსიტეტები უკვე აფასებენ კვლევებს, სტიმულსა და მოტივაციას აძლევენ სტუდენტებს. ასეთი გამოწვევების პირობებში, როდესაც არ ვიცით, ხვალ რა იქნება, ცოდნის მიმართაც ჩნდება სხვადასხვა გამოწვევა — რა უნდა ვასწავლოთ, რომ სტუდენტი იყოს მზად შრომის ბაზრისთვის. ამაზეც გარკვეული პასუხი მაქვს. ალბათ, სტუდენტებს უნდა ვასწავლოთ ახალ პირობებში ადაპტაციის უნარი. ეს არ არის ადვილი და ერთ და ორ თვეში არ გაკეთდება. ამას უნდა შესაბამისი მექანიზმის გამომუშავება. კარგია წიგნის კითხვა, მაგრამ განსხვავებული ხედვის, არგუმენტაციის მოსმენა არის აუცილებელი. ჩვენ სტუდენტს მხოლოდ ცოდნა კი არ უნდა მივცეთ, ცოდნის შეძენის უნარი უნდა განვუვითაროთ — ეს არის დღეს მნიშვნელოვანი. უბრალოდ უნდა ვაჩვენოთ კარგი პრაქტიკები, კარგი ქეისები, რათა ნახონ, როგორ იყენებენ ცოდნას სხვები პრაქტიკაში. ქართველი სტივ ჯობსი და ილონ მასკი ჯერ არ გვყავს, მაგრამ გვეყოლება, თუ მშვიდობა იქნება მსოფლიოში. ამისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა და, რაც მთავარია, ადმიანისეული ფაქტორი ჩვენს ქვეყანას ნამდვილად აქვს.